---
title: "მუხლი 100. სანოტარო მედიაციის ცნება და მედიაციის წარმოების პრინციპები — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/100"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "100"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 100. სანოტარო მედიაციის ცნება და მედიაციის წარმოების პრინციპები — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 100 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/100

1. სანოტარო მედიაცია (შემდგომში − მედიაცია) არის კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტის პროცესი, რომელშიც მხარეები ნებაყოფლობით საწყისებზე ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ერთი ან მეტი მედიატორი ნოტარიუსის დახმარებით, აწარმოებენ მოლაპარაკებას სადავო საკითხების თაობაზე შეთანხმების მიღწევის მიზნით.

2. მედიატორი ნოტარიუსი უნდა მოქმედებდეს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად და უნდა უზრუნველყოს, რომ მედიაციის პროცესის განმავლობაში დაცული იყოს მხარეების შესაძლებლობათა თანასწორობის პრინციპი. მედიატორ ნოტარიუსს არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევისათვის, თუ მედიაციის შედეგად მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.

3. მედიაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყველა მხარის თანხმობით. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას.

4. მედიაციის პროცესმა უნდა უზრუნველყოს, რომ მხარეებს ჰქონდეთ საკმარისი დრო და შესაძლებლობები განსახილველ საკითხებთან, აგრეთვე, დავის გადაჭრის სხვა შესაძლო გზებთან დაკავშირებით არჩევანის გასაკეთებლად/გადაწყვეტილების მისაღებად.

5. ყველა მხარის თანხმობით მედიაციის პროცესში შეიძლება ჩაერთონ მესამე პირები (სპეციალისტი და სხვა).

6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია, ორგანიზება გაუწიოს მედიაციის სასწავლო კურსებს ნოტარიუსებისათვის და აწარმოოს სერტიფიცირებულ მედიატორ ნოტარიუსთა რეესტრი, რომელიც განთავსდება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე.

7. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციას იმ ნოტარიუსების შესახებ, რომლებიც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში განახორციელებენ მედიაციას. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუყოვნებლივ მიაწვდის ნოტარიუსთან (ნოტარიუსებთან) დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციას, რაც შეიძლება გახდეს მისი (მათი) მედიატორი ნოტარიუსების ზემომითითებული სიიდან ამოღების საფუძველი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.
საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2016 წლის 30 ივლისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 31.07.2016წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №488 - ვებგვერდი, 31.12.2019 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/99.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/101.md
