---
title: "მუხლი 12. სანოტარო ბიურო — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/12"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "12"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სანოტარო ბიურო — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 12 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/12

1. ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობას ირჩევს ნოტარიუსი.

2. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის, აგრეთვე მისი შეცვლის შესახებ აცნობოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

3. სანოტარო მოქმედების შესრულება არ არის დამოკიდებული სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობაზე. სანოტარო მომსახურება შეიძლება გაეწიოს ნებისმიერ პირს, მიუხედავად მისი ან/და გარიგების საგნის ადგილსამყოფლისა.

4. სანოტარო ბიუროს უნდა ჰქონდეს ფირნიში (აბრა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ლოგოს გამოსახულებით. სანოტარო ბიურო უნდა იყოს იზოლირებული და კაპიტალური. სანოტარო ბიურო უნდა ქმნიდეს სათანადო პირობებს მოქალაქეთა ჯეროვანი და კომფორტული მომსახურებისათვის, უზრუნველყოფდეს სანოტარო დოკუმენტების შენახვას და დაცვას, სანოტარო მოქმედებათა საიდუმლოების დაცვას, სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი სივრცის გამოყოფას მოქალაქეთა მისაღებისაგან. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიურო აღჭურვოს სანოტარო მოქმედებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით (კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, სატელეფონი და ინტერნეტკავშირი, ვებკამერა, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა ტექნიკური საშუალებები).

4¹. სანოტარო ბიურო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ უნდა მდებარეობდეს ნულოვანი ნიშნულის ქვევით;
ბ) სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ უნდა მდებარეობდეს შენობაში, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის ვარგისად აღიარებული ექსპლუატაციაში მიღებისთვის, გარდა იმ შენობისა, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, არ ექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარებას;
გ) სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი, სველი წერტილის გარდა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 მ
2
-ს, ხოლო ორი ნოტარიუსის საერთო ბიუროს შემთხვევაში - არანაკლებ 70 მ
2
-ს;
დ) სანოტარო ბიუროში ერთდროულად ნოტარიუსის ორზე მეტი თანამშრომლის (თანაშემწე, თარჯიმანი ან სხვა) მუშაობის შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 მ
2
-ს;
ე) მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცის ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 მ​​​
2
-ს და უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფართობის ფანჯარა, ხოლო თუ მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე იმავდროულად ნოტარიუსის თანაშემწის სამუშაო ოთახია, მისი ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მ
2
-ს ერთი თანაშემწის არსებობის შემთხვევაში, არანაკლებ 25 მ
2
-ს – ორი თანაშემწის არსებობის შემთხვევაში, ხოლო არანაკლებ 30 მ
2
-ს – სამი თანაშემწის არსებობის შემთხვევაში;
ვ) ნოტარიუსის სამუშაო ოთახი არ უნდა იყოს ვინმესთან საზიარო, მას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 მ
2
ფართობის ფანჯარა, უნდა იყოს იზოლირებული თანაშემწის სამუშაო ოთახისა და მოქალაქეთა მისაღებისაგან და ამავდროულად უზრუნველყოფდეს სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვას;
ზ) სანოტარო ბიუროში თარჯიმნის მუშაობის შემთხვევაში მისი ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 40 მ​​​​
2
-ს და თარჯიმანს უნდა ჰქონდეს ცალკე გამოყოფილი სამუშაო ოთახი;
თ) მოქალაქისთვის განკუთვნილი ოთახის მოპირდაპირე კედლებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრისა;
ი) სანოტარო ბიუროში მოსახვედრად მოქალაქეს არ უნდა სჭირდებოდეს რაიმე ტიპის ნებართვა, საშვი ან წინასწარი ჩაწერა სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი თანამშრომლის შუამავლობით ან კერძო ორგანიზაციის მიერ შექმნილი ისეთი ბარიერების გადალახვა, როგორიცაა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ შემოწმება, ტურნიკეტი, შლაგბაუმი, ე.წ. ბოდისკანერი და სხვ.;
კ) სანოტარო ბიუროს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი გზით განიავების შესაძლებლობა, უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მოწყობილი წყლის უწყვეტი მიწოდების სისტემით და უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი სველი წესით დალაგება იყოს შესაძლებელი;
ლ) სანოტარო ბიუროში მუდმივად დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

5. ორ ან ორზე მეტ ნოტარიუსს შეიძლება ჰქონდეს საერთო სანოტარო ბიურო. ნოტარიუსთა უფლებები და მოვალეობები საერთო სანოტარო ბიუროს მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. საერთო სანოტარო ბიუროში თითოეული ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და ინდივიდუალურად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის. თითოეული ნოტარიუსის სამუშაო ოთახი ერთმანეთისაგან უნდა იყოს იზოლირებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სანოტარო მოქმედებათა საიდუმლოების დაცვა. საერთო სანოტარო ბიურო უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. საერთო სანოტარო ბიუროში ნოტარიუსებს უფლება აქვთ, ერთობლივად დაიქირაონ თანამშრომლები. საერთო სანოტარო ბიუროში დასაქმებული პირები ვალდებული არიან, საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

6. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს შესასვლელში გამოსაჩენ ადგილზე გამოაკრას საინფორმაციო აბრა. აკრძალულია საინფორმაციო აბრაზე სარეკლამო ინფორმაციის განთავსება. საინფორმაციო აბრაზე შეიძლება გამოსახული იყოს მხოლოდ სანოტარო ბიუროს მისამართი (განთავსების ადგილი), ნოტარიუსის სახელი და გვარი, საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ნოტარიუსთა პალატის ლოგო. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს შესასვლელში გამოსაჩენ ადგილზე გამოაკრას ნოტარიუსთა პალატის მიერ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი (სამუშაო დღეები და საათები).

7. ნოტარიუსთა პალატა უფლებამოსილია სანოტარო ბიუროებისათვის დაადგინოს ერთიანი ნიმუშის სანოტარო ფირნიში.

8. გამონაკლის შემთხვევაში, შესაბამის მუნიციპალიტეტში/მუნიციპალიტეტის ნაწილში სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის ხარისხის გათვალისწინებით, ნოტარიუსის დასაბუთებული მიმართვისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ისეთი სანოტარო ბიუროს ფუნქციონირება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ ყველა პირობას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაცია ნოტარიუსს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია შესაბამისობაში მოიყვანოს სანოტარო ბიურო ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, ხარვეზების აღმოფხვრამდე, ნოტარიუსს არ აქვს უფლება განახორციელოს სანოტარო მომსახურება ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ბიუროში.

9. თუ სანატარო ბიურო ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რაც დადასტურებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შედგენილი შემოწმების აქტით,  ნოტარიუსს ეძლევა გონივრული ვადა სანოტარო ბიუროს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ან სამუშაო ადგილად ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი ახალი სანოტარო ბიუროს შესარჩევად, ისე, რომ არ დაირღვეს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2
2
მუხლის მოთხოვნები. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, ხარვეზების აღმოფხვრამდე, ნოტარიუსს არ აქვს უფლება განახორციელოს სანოტარო მომსახურება ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ბიუროში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №125 - სსმ III, №77 01.07.2010, მუხ.1128
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 06.06.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №208 - ვებგვერდი, 28.12.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 10 აგვისტოს ბრძანება № 595 - ვებგვერდი, 10.08.2020 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/12-1.md
