---
title: "მუხლი 14. ნოტარიუსის ბეჭედი და ხელმოწერა — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/14"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "14"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ნოტარიუსის ბეჭედი და ხელმოწერა — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 14 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/14

1. ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ბეჭედი, რომლის ანაბეჭდის ნიმუში უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. იმავე წესით წარდგენილი უნდა იქნეს ნოტარიუსის ხელმოწერის ნიმუში. ნოტარიუსის ხელმოწერა და სამსახურებრივი ბეჭდის ანაბეჭდი უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან შესრულდეს შესაბამისად ნოტარიუსთა პალატის უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით.

2. ნოტარიუსმა დამატებით, დოკუმენტის გაყალბებისაგან დაცვის მიზნით, შეიძლება გამოიყენოს რელიეფური ბეჭედი (ტვიფრული ბეჭედი), რომლის გამოყენების შესახებ ნოტარიუსი ვალდებულია წინასწარ აცნობოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. ნოტარიუსი არ ასრულებს სანოტარო მოქმედებას ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულებამდე.

2¹. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის ბეჭედი უნდა იყოს
იმ
ნოტარიუსის
ნეჭდის ანალოგიური,
რომელთანაც
მას
დადებული
აქვს
შრომითი
ხელშეკრულება
. მასზე დამატებით
გამოსახული უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სტატუსი
, სახელი და გვარი
. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის ბეჭდისა და ხელმოწერის მიმართ მოქმედებს ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

3. აკრძალულია ნოტარიუსის ხელმოწერის დასმა მექანიკური საშუალების გამოყენებით.

4. ნოტარიუსის ბეჭედი უნდა დაისვას შესრულებული სანოტარო მოქმედების დასამოწმებლად. შესრულებულ მოქმედებას ნოტარიუსის ხელმოწერის გარეშე არ აქვს იურიდიული ძალა. ნოტარიუსის ბეჭედი შეიძლება დაისვას აგრეთვე ნოტარიუსის მიერ მომზადებულ სხვა დოკუმენტზე, რომელიც არ არის სანოტარო მოქმედების შესრულების საგანი, მაგრამ დაკავშირებულია სანოტარო საქმიანობასთან (ნოტარიუსის მიმართვა, განცხადება და სხვა).

5. იმ შემთხვევაში, თუ აქტს დასმული აქვს ნოტარიუსის ხელმოწერა და არ აქვს დასმული ბეჭედი, დოკუმენტი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ ნოტარიუსს ბეჭდის დასასმელად. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ხარვეზიანი (უბეჭდო) დოკუმენტი, რომლის დედანი არ ინახება არქივში, დოკუმენტის ნამდვილობა დგინდება სასამართლო წესით.

6. თუ იმ დროისათვის ბეჭედი, რომელიც ნოტარიუსს ჰქონდა სანოტარო მოქმედების შესრულების მომენტისთვის, განადგურებულია, მაშინ ნოტარიუსი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად დოკუმენტს დაუსვას ის ბეჭედი, რომელიც აქვს ხარვეზის გამოსწორების მომენტისათვის და ამის შესახებ დოკუმენტზე (ბეჭდის დასმის ადგილზე) გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.

7. ნოტარიუსი ვალდებულია გულმოდგინედ შეინახოს ბეჭედი. აკრძალულია ბეჭდის გადაცემა სხვა პირისათვის. ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს პოლიციას ქვემდებარეობის მიხედვით და ნოტარიუსთა პალატას. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია ცნობა ბეჭდის დაკარგვის შესახებ გამოაქვეყნოს პრესაში.

8. დაკარგული ბეჭდის სანაცვლოდ ნოტარიუსი ვალდებულია დადგენილი წესით დაამზადოს ბეჭედი, რომელსაც უნდა ჰქონდეს დაკარგული ბეჭდისაგან განმასხვავებელი მცირე დეტალი. ნოტარიუსი უფლებამოსილია ახალი ბეჭედი გამოიყენოს მხოლოდ ბეჭდის ანაბეჭდის ნიმუშების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულების შემდეგ.

9. ახალი ბეჭდის დამზადების შემდეგ დაკარგული ბეჭდის პოვნის შემთხვევაში ნაპოვნი ბეჭედი უნდა გაიჭრას ორ ნაწილად. ბეჭდის გაჭრილი ნაწილები ინახება საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში. აღწერილი პროცედურის შესახებ უნდა შედგეს ბეჭდის განადგურებისა და შენახვის აქტი, ბეჭდის გაჭრილი ნაწილები უნდა მოთავსდეს კონვერტში და კონვერტი უნდა დაილუქოს, ბეჭდის განადგურებას უნდა ესწრებოდნენ: ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები, ნოტარიუსი, რომლის ბეჭედი დაიკარგა, აგრეთვე, ერთი ნოტარიუსი.

10. ნოტარიუსი, რომელსაც შეუჩერდა ან შეუწყდა უფლებამოსილება, ან სხვა პირი, რომლის ფაქტობრივ მფლობელობაშიც აღმოჩნდა ნოტარიუსის ბეჭედი, ვალდებულია ნოტარიუსის ბეჭედი დაუყოვნებლივ ჩააბაროს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. ჩაბარებული ბეჭედი უნდა განადგურდეს ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.

11. ამ მუხლით დადგენილი წესით უნდა განადგურდეს ის ბეჭედი, რომელიც აღარ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზეზების (ნოტარიუსის გვარის, სახელის, ბიუროს მისამართის შეცვლა და სხვა გარემოებები) გამო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის
ბრძანება №40 - ვებგვერდი, 28.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 06.06.2012 წ.
თავი II
სანოტარო მოქმედებათა შესრულების ზოგადი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/13-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/15.md
