---
title: "მუხლი 20. სანოტარო აქტის შედგენა იურიდიული პირის მონაწილეობით — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/20"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "20"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სანოტარო აქტის შედგენა იურიდიული პირის მონაწილეობით — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 20 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/20

1. თუ სანოტარო აქტის მონაწილე არის იურიდიული პირი, ნოტარიუსი ვალდებულია მოითხოვოს იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) რეზიდენტი იურიდიული პირებისაგან – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოებული რეესტრიდან;
ბ) არარეზიდენტი იურიდიული პირებისაგან – უცხოეთის ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული და კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც ცვლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ დოკუმენტს;
გ) რეზიდენტი და არაზედენტი იურიდიული პირის წესდება (დებულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი, თუკი შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს მათ არსებობას), რომელიც უნდა იყოს დედანი ან დამოწმებული ასლი.

2. ნოტარიუსი უფლებამოსილია, იურიდიული პირისაგან არ მოითხოვოს უფლებამოსილების დამდგენი ყველა დოკუმენტის (წესდება, ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან და სხვა) წარდგენა იმ შემთხვევაში, თუ მასთან წარდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტიდან (მაგ., მინდობილობა) უტყუარად დასტურდება, რომ ნოტარიუსმა, რომელმაც დაამოწმა ეს დოკუმენტი, შეამოწმა უფლებამოსილების მიმნიჭებელი დოკუმენტის გამცემი პირის უფლებამოსილება და დოკუმენტში სრულფასოვნადაა მითითებული ყველა ის მონაცემი (მაგ., რწმუნებულების გამცემი იურიდიული პირის რეკვიზიტები, მინდობილობის გამცემი პირის უფლებამოსილება და სხვა), რაც აუცილებელია სანოტარო აქტის შესადგენად. ამასთანავე, ეს უფლებამოსილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებები არ წარმოშობს სხვა დოკუმენტების გამოთხოვის აუცილებლობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები მიიღება გაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში მიუხედავად იმისა, შესაბამის ქვეყანაში რა ვადაა დადგენილი ამ დოკუმენტის მოქმედებისათვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, ნოტარიუსი უფლებამოსილია მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები მიუხედავად მათი გაცემის თარიღისა, თუ გარიგების მონაწილე ყველა მხარე ათავისუფლებს ნოტარიუსს ამ ვალდებულებისაგან იმ საფუძვლით, რომ მათთვის ცნობილია არარეზიდენტი იურიდიული პირის მონაცემთა ცვლილებების არარსებობის შესახებ. ამ შემთხვევაში შესაძლო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხარეებს. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია მხარეები გააფრთხილოს შესაძლო შედეგების შესახებ და ამ გაფრთხილების შესახებ აღნიშნოს სანოტარო აქტში.

5. საქართველოში უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მონაწილეობით გარიგების დამოწმებისას, წარდგენილი უნდა იქნეს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, აგრეთვე წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფილიალის დებულება, ფილიალის წარმომადგენლის უფლებამოსილების განსაზღვრის დოკუმენტი ან სხვა).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/21.md
