---
title: "მუხლი 25. სანოტარო მოქმედებაში არასრულწლოვნის მონაწილეობის ფორმალური პროცედურა. არასრულწლოვნის წარმომადგენელი — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/25"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "25"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. სანოტარო მოქმედებაში არასრულწლოვნის მონაწილეობის ფორმალური პროცედურა. არასრულწლოვნის წარმომადგენელი — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 25 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/25

1. არასრულწლოვანს გარიგების დადებისას წარმოადგენს კანონისმიერი წარმომადგენელი, ხოლო კანონისმიერი წარმომადგენლის არარსებობის შემთხვევაში – სხვა წარმომადგენელი, რომელიც დანიშნულია კანონით დადგენილი წესით და აქვს უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. კანონისმიერი წარმომადგენლის უფლებამოსილება დასტურდება არასრულწლოვნის დაბადების მოწმობით.

2. არასრულწლოვანს სანოტარო მოქმედებაში წარმოადგენს ერთ-ერთი კანონისმიერი წარმომადგენელი, თუ არასრულწლოვნის მშობელთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებულ რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ნივთზე გარიგების დამოწმებისას ივარაუდება, რომ არასრულწლოვნის მშობელთა შეთანხმება ერთობლივი წარმომადგენლობის შესახებ არ არსებობს, თუკი ეს შეთანხმება არ არის რეგისტრირებული მარეგისტრირებელ ორგანოში.

3. არასრულწლოვნის კანონისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს რაიმე სპეციალური ნებართვის, ან თანხმობის გარეშე გარიგების დადებისას ერთდროულად იმოქმედოს არასრულწლოვნის სახელითა და საკუთარი სახელით, თუკი არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

4. თექვსმეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი გარიგებაში, რომელიც მოწმდება სანოტარო წესით (კერძო, ან საჯარო აქტის ფორმით), მონაწილეობს მხოლოდ კანონისმიერი წარმომადგენლის მეშვეობით და არა უშუალოდ.

5. თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულოვანი უფლებამოსილია გარიგება, რომელიც მოწმდება სანოტარო წესით (კერძო ან საჯარო აქტის ფორმით), დადოს პირადად (უშუალოდ) კანონისმიერი წარმომადგენლის თანხმობით. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს სანოტარო მოქმედების შესრულებისას კანონისმიერი წარმომადგენლის უშუალოდ დასწრებით ან სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარმოდგენის გზით. დასწრების ფაქტი აღინიშნება სანოტარო აქტში და თანხმობის დასტურად აქტს ხელს აწერს არასრულწლოვნის კანონისმიერი წარმომადგენელიც, როგორც სანოტარო მოქმედების დამსწრე პირი.

6. თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვნის მონაწილეობით გარიგება, რომელიც მოწმდება სანოტარო წესით (კერძო ან საჯარო აქტის ფორმით), შეიძლება დაიდოს არასრულწლოვანი პირის უშუალო (პირადი) მონაწილეობის გარეშე კანონისმიერი წარმომადგენლის მონაწილეობითა და არასრულწლოვანი პირის თანხმობის გამოთხოვით ან თანხმობის გამოთხოვის გარეშე.

7. კანონით დადგენილ შემთხვევაში არასრულწლოვანი პირის თანხმობის სანოტარო წესით დამოწმებისას სავალდებულოა არასრულწლოვნის კანონისმიერი წარმომადგენლის დასწრება, რაც უნდა აისახოს თანხმობის აქტში. არასრულწოვნის თანხმობა ყველა შემთხვევაში უნდა შედგეს საჯარო აქტის ფორმით. თანხმობის აქტს ხელი უნდა მოაწეროს არასრულწლოვნის კანონისმიერმა წარმომადგენელმა და თვით არასრულწლოვანმა პირმა.

8. ამ მუხლის პირველი-მე-7 პუნქტებით დადგენილ ყველა შემთხვევაში სავალდებულოა არასრულწლოვნის კანონისმიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შემოწმება, რის თაობაზეც სავალდებულოა აღინიშნოს სანოტარო აქტში.

9. არასრულწლოვანი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაქორწინდა სრულწლოვნების მიღწევამდე, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობს როგორც სრულწლოვანი. ამასთანავე, მან ნოტარიუსს უნდა წარუდგინოს ქორწინების მოწმობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/26.md
