---
title: "მუხლი 30. საჯარო აქტის სავალდებული რეკვიზიტები — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/30"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "30"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. საჯარო აქტის სავალდებული რეკვიზიტები — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 30 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/30

1. საჯარო აქტი უნდა შესრულდეს ამ ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვით და მას უნდა ჰქონდეს ამ მუხლით დადგენილი ყველა შემადგენელი ნაწილი.

2. საჯარო აქტს უნდა დაერთოს ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული თავფურცელი, რომელზეც აისახება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, სიტყვა „საქართველო“, ელექტრონულ სანოტარო რეესტრში აქტის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი, სანოტარო აქტის სახე (გარიგების, მოწმობის დასახელება), ნოტარიუსის ვინაობა, სანოტარო ბიუროს მდებარეობა, აგრეთვე ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო რეკვიზიტები.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, საჯარო აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილის საიდენტიფიკაციო მონაცემებს ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. თუ სანოტარო მოქმედების მონაწილე წარმოდგენილია მინდობილი პირით, სანოტარო აქტში უნდა მიეთითოს მინდობილი პირის იგივე მონაცემები;
ბ) ნოტარიუსის მითითებას წინა ქვეპუნქტში მითითებული პირების ქმედუნარიანობისა და ამ პირთა განცხადებების შესახებ;
გ) საკუთრივ გარიგების (მოწმობის) ნორმებს (მუხლობრივად დაყოფილი ან ამის გარეშე);
დ) დანართი დოკუმენტების ჩამონათვალს და მათ რეკვიზიტებს;
ე) მითითებას სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილის შესახებ, თუ სანოტარო მოქმედება შე
სრულდა სანოტარო ბიუროს გარეთ;
ვ) სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის (გარდა იმ შემთხვევისა, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სანოტარო მოქმედებებისთვის საზღაურის გადახდას), მათ შორის, სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ზუსტ ოდენობას, აგრეთვე, მითითებას ნორმატიული აქტების იმ მუხლებზე, რომელთა საფუძველზე მოხდა მათი გამოანგარიშება;
ზ) მითითებას იმის შესახებ, რომ სანოტარო აქტი მხარეს (მხარეებს) წაეკითხა (ნოტარიუსის, ან სანოტარო ბიუროს თანამშრომლის) მიერ, მხარეებმა წაიკითხეს აქტი, მოიწონეს აქტი და ნოტარიუსის თანდასწრებით ხელი მოაწერეს აქტს.
თ) სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილის ხელმოწერას;
ი) ნოტარიუსის ხელმოწერას და ბეჭედს.

4. სავალდებულოა საჯარო აქტში ანდერძის შედგენის დაწყებისა და დამთავრების დროის მითითება, სხვა საჯარო აქტებში აქტის შედგენის დაწყებისა და დამთავრების დრო უნდა მიეთითოს, თუ ამას მოითხოვს სანოტარო მოქმედების რომელიმე მონაწილე.

5. საჯარო აქტი უნდა შეიცავდეს კანონმდებლობით დადგენილ სხვა რეკვიზიტებს, აგრეთვე მითითებას იმ პროცედურების შესრულების შესახებ, რაც დადგენილია ამ ინსტრუქციით, სხვა ნორმატიული აქტებით და რისი მითითებაც სავალდებულოა.
საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2016 წლის 30 ივლისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 31.07.2016 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/31.md
