---
title: "მუხლი 62. განცხადებების დამოწმება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/62"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "62"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. განცხადებების დამოწმება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 62 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/62

1. ნოტარიუსი უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად დაამოწმოს პირის განცხადებები.

2. ნოტარიუსი განცხადების დამოწმებისას ადასტურებს, რომ განცხადება და/ან ხელმოწერა მასზე უშუალოდ განმცხადებელს ეკუთვნის. ნოტარიუსი არ ადასტურებს განცხადებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას და, შესაბამისად, პასუხს არ აგებს მათზე.

3. პირის სურვილის შემთხვევაში დასაშვებია მისი ხელმოწერის დამოწმება არასახელმწიფო ენაზე შედგენილი განცხადების ტექსტზე, მიუხედავად იმისა, ფლობს თუ არა ნოტარიუსი ან/და განმცხადებელი ენას, რომელზეც შესრულებულია განცხადების ტექსტი. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელმა ნოტარიუსს უნდა დაუდ
ასტუროს, რომ მისთვის ცნობილია განცხადების შინაარსი და რომ იგი შეესაბამება მის ნებას. ნოტარიუსი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიუთითოს თავის დამადასტურებელ წარწერაში.

4. ნოტარიუსი ამოწმებს პირის განცხადებას, რომელიც მიღებულია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია სანოტარო მოქმედების შესრულებისას იძლევა განმცხადებლის და ნოტარიუსის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეოფაილის სახით.  ვიდეოფაილი უნდა ჩაიწეროს ელექტრონული მონაცემების შემნახველ საშუალებაზე (მაგ., კომპაქტდისკზე), რომელიც თან უნდა დაერთოს სანოტარო აქტს ან სანოტარო რეესტრს. მხარის ნაცვლად და მისი თხოვნით, განცხადებას ხელს აწერს სხვა პირი, ამ ინსტრუქციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ამასთან, ხელმომწერი პირის გარდა, სავალდებულოა დამატებით მოწმის დასწრებაც, რომელიც ხელს აწერს სანოტარო აქტს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 17 მარტის ბრძანება №223 - ვებგვერდი, 17.03.2017 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/63.md
