---
title: "მუხლი 95. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/95"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "95"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 95. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 95 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/95

1. ნოტარიუსი დეპოზიტში (ნოტარიუსის სადეპოზიტე ანგარიშზე) იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და/ან სხვა ფასეულობებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ნოტარიუსი უფლებამოსილია დეპოზიტში მიიღოს ფული, თამასუქები, ჩეკები, სახელმწიფო ობლიგაციები და სხვა საკრედიტო და/ან ფასიანი ქაღალდები მათი კრედიტორისადმი გადაცემის მიზნით. ფული (ფასიანი ქაღალდები) შეტანილ უნდა იქნეს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. შეტანა შეიძლება განხორციელდეს როგორც ნაღდი ფულით, ასევე გადარიცხვით.

3. ნოტარიუსი ვალდებულია შეადგინოს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღების ოქმი; ოქმში უნდა აღინიშნოს: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი, გადამცემის სრული რეკვიზიტები, ფულის რაოდენობა, ფასიანი ქაღალდების სრული რეკვიზიტები, გადაცემის მიზეზები, გადამცემის მითითებები ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების მესამე პირისათვის (კრედიტორისადმი) გადაცემის შესახებ, აგრეთვე, მოვალის მიერ გაცხადებული მიზეზი, თუ რატომ უშუალოდ არ შეასრულა ვალდებულება. ნოტარიუსი იღებს რა დეპოზიტში ვალდებულების საგანს (ფული, ფასიანი ქაღალდები), არ ამოწმებს ვალდებულების წარმოქმნის საფუძველს. ოქმს ხელი უნდა მოაწეროს ნოტარიუსმა და გადამცემმა.

4. ნოტარიუსმა ოქმი უნდა შეინახოს თავის არქივში, ხოლო ასლი უნდა გადასცეს გადამცემს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/94.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/96.md
