---
title: "მუხლი 52¹. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობა — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/52-1"
law: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
article: "52^1"
identifier: "1676"
adopted: "2009-09-24"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52¹. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობა — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 52¹ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/52-1

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ფინანსური სტაბილურობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ინფორმაციის დაცულობის/უსაფრთხოების და საქმიანობის უწყვეტობის მიზნებისათვის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების (მათ შორის, ფინანსური და საოპერაციო მოთხოვნების), შეზღუდვების (მათ შორის, მომსახურების საფასურის) და სანქციების დაწესებას და ამ მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემას.

2. მეწარმე სუბიექტი, რომელიც აპირებს განახორციელოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობა, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

3. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიაწოდოს სესხის/კრედიტის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ეროვნული ბანკი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ინფორმაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესებს.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ამ კანონით ან/და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს თავის მიერ დადგენილი წესით დააკისროს ფულადი ჯარიმა. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/52-2.md
