---
title: "მუხლი 11 — სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/11"
law: "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე"
article: "11"
identifier: "141/ნ"
adopted: "2010-05-20"
consolidated_as_of: "2024-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 11 — სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2024-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 11 (consolidated as of 2024-12-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/11

1. დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკების სრულად შევსების შემდეგ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს შევსებულ დეკლარაციას, რათა დარწმუნდნენ, რომ დეკლარაციის ყველა საჭირო კითხვაზე შემოხაზულია შესაბამისი პასუხი და დამატებით გადამოწმდეს დეკლარაციის შევსების მართებულობა და სისრულე.

2. თუ შევსებული დეკლარაციის გადამოწმებისას აღმოჩენილი იქნება არასწორად შემოხაზული ან ჩაწერილი პასუხი, რომელიც მექანიკურად დაუშვა სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ან დაზუსტების მიზნით ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და ითხოვს უკვე შემოხაზული (ჩაწერილი) პასუხის სხვა პასუხით შეცვლას, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გადახაზოს უკვე შემოხაზული პასუხი „X“ ნიშნით და ახლიდან შემოხაზოს/დააფიქსიროს სწორი პასუხი. ჩასწორებულ პასუხზე ხელს აწერს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი და სააგენტოს უფლებამოსილი პირი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩასწორების შეტანა დასაშვებია, თუ ჩასწორება ხელს არ უშლის შემოხაზული (ჩაწერილი) მონაცემის (პასუხის) ერთგვაროვან გაგებას. იმ შემთხვევაში, თუ ჩასწორების გაკეთება სადაოს და გაუგებარს  ხდის შეტანილ (ჩაწერილი) მონაცემს (პასუხს), სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეავსოს ახალი დეკლარაცია.

4. თუ სააგენტოს უფლებამოსილ პირს ეჭვი ეპარება, რომ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დეკლარირებული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას, იგი ვალდებულია შეეცადოს შეასწორებინოს ისინი დამატებითი კითხვებისა და მოყვანილი ფაქტების საშუალებით. თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ თანხმდება შესწორებაზე ან მიწოდებული ინფორმაციის შეცვლაზე, შეტანილი მონაცემები რჩება უცვლელი და დეკლარაციის „F2“ გრაფაში – „ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება“, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უთითებს აღნიშნული უზუსტობის შესახებ.

5. დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკების შევსების დასრულების შემდეგ, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ხელს აწერს დეკლარაციის ყველა შესაბამისი ფურცლის ბოლოს, რაც ადასტურებს შემდეგს:
ა) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში ასახულია სრულად, შეესაბამება სიმართლეს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე;
ბ) თანხმობას, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები შეტანილ იქნას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შეღავათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმაცია გახდეს საჯარო.

6. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ხელს აწერს და იბარებს „ოჯახის საინფორმაციო ფურცელს“, რომელიც მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული „ოჯახის საინფორმაციო ფურცელი“ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრ(ებ)ი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო 30-ე კალენდარულ დღემდე ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე www.worknet.gov.ge, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახს გაუუქმდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიან წევრ(ებ)ს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე www.worknet.gov.ge „სამუშაოს მაძიებლად“ დარეგისტრირებიდან მესამე თვეს გაუქმებული აქვთ საკუთარი პროფილი, ოჯახს გაუუქმდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 08.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/12.md
