---
title: "მუხლი 7 — სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/7"
law: "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე"
article: "7"
identifier: "141/ნ"
adopted: "2010-05-20"
consolidated_as_of: "2024-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 7 — სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2024-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 7 (consolidated as of 2024-12-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/7

1. დეკლარაციის „B“ ბლოკის – „ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები“ _ შევსება ხდება ოჯახის ყველა წევრზე (ახალშობილების და მოცემულ მომენტში ოჯახიდან დროებით, დეკლარაციის შევსების მომენტში არაუმეტეს სამი თვის ვადით, წასული წევრების ჩათვლით).

2. ოჯახის დეკლარაციის შევსებისას ოჯახის წევრებად არ გაითვალისწინება:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
გ) ვადიან სამხედრო სამსახურში (სავალდებულო და საკონტრაქტო) მყოფი პირი გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში;
დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
ვ) სპეციალიზირებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი
;
ზ
) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული.

3. სასურველია დეკლარაციის პერსონალური ნაწილი შეივსოს უშუალოდ ამ პირ(ებ)ის გამოკითხვის შედეგად. თუ ეს ვერ ხერხდება, ინფორმაცია ივსება უფლებამოსილი წარმომადგენლის პასუხებზე დაყრდნობით. ოჯახის არასრულწლოვანი წევრ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია მიიღება უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან.

4. დეკლარაციის „B1“ პუნქტში – „ბიოგრაფიული მონაცემები“. ოჯახის წევრების მონაცემები შეტანა უნდა მოხდეს ასაკის კლების რიგითობით (პირველი ფიქსირდება ყველაზე უფროსი წევრი, შემდეგ ასაკით მომდევნო წევრ(ებ)ი). ამასთან ასაკის გრაფაში უნდა მიეთითოს დეკლარაციის შევსების მომენტისათვის შესრულებულ წელთა რიცხვი. თუ დეკლარაციის შევსების მომენტში ოჯახის წევრს არ შესრულებია ერთი წელი, მაშინ იწერება „0“.

5. სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს თითოეული ოჯახის წევრის პირადობის/მუდმივი ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი (არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში შესაძლებელია დაბადების მოწმობა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – დროებითი ბინადრობის მოწმობა) ან შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და იქიდან ამოიწეროს პირადი ნომრები.

6. დეკლარაციის „B2“ პუნქტის ,,შინამეურნეობის მიერ დასახელებული ოჯახის უფროსი” –შევსებისას უნდა ჩაიწეროს, ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ შინამეურნეობის რომელი წევრი არის ოჯახის უფროსი;

7. დეკლარაციის „B3“ პუნქტში ,,ფიზიკური მდგომარეობა“ მოცემულ ცხრილში ყოველ წევრზე უნდა შემოიხაზოს მხოლოდ დეკლარაციაში ჩამოთვლილი ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისი კოდები. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს (ვიზუალურად ან დოკუმენტურად), რომ ფიზიკური პირის მდგომარეობა შეესაბამება დეკლარირებულს. ამ კითხვის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს:
ა) პირებს, რომელთაც რაიმე ავადმყოფობის გამო დროებით შეზღუდული აქვთ გადაადგილება (მოტეხილობის, კეთილსაიმედო ავადმყოფობის ან სხვა) არ მიეკუთვნებიან კატეგორიებს: „სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი“ და/ან „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და საჭიროებს მომვლელს“;
ბ) ამ წესის მიზნებისათვის, ფიზიკური მდგომარეობის – „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას“ – შემოხაზვისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ოჯახის წევრის მდგომარეობა ნამდვილად შეესაბამება ამ კატეგორიას, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებულია:
ბ.ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს გულის ქრონიკული უკმარისობით (I50) (III – IV ფუნქციური კლასი „NYHA“) ან  სტაბილური სტენოკარდიით (I20.8) (III – IV ფუნქციური კლასი „CCS“);
ბ.ბ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლის დროსაც რეკომენდებულია ან ჩატარებულია აუცილებელი ინტერვენციული ჩარევები (ოპერაციები გულზე, სტენტირება, რითმის წამყვანის – პეისმეიკერის, გულშიდა დეფიბრილატორის იმპლანტაცია);
ბ.გ) სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები, გართულებული სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით (J96.1) (ასთმა J45.0-J45.9; ფილტვის არტერიის პირველადი და მეორადი ჰიპერტენზია I27.0, I27.2; ცისტური ფიბროზი პულმონური მანიფესტაციით E84.0; კიფოსკოლიოზი M41; სიმსუქნე ალვეოლური ჰიპოვენტილაციით E66.2; ვეგენერის გრანულომატოზი M31.3; პოლიარტერიტი ფილტვის დაზიანებით (ჩარჯ-სტროსის სინდრომი) M30.0; ფილტვის სხვა ინტერსტიციული ავადმყოფობები ფიბროზით J84.1; ნეირომუსკულური პრობლემები (მიასთენია გრავის და სხვა მიონევრული დაავადებები – G70.0-G70.9,  გიენ-ბარეს სინდრომი – G61.0; მოტორული ნეირონების დაზიანება G12.0-G12.9, მათ შორის ვერდნიგ-ჰოფმანის დაავადება), პოლინეიროპათია G63, პოლიომიელიტი, კუნთების პირველადი დაზიანებანი G71.0 – G71.9, მიქსედემა E00.0; ემფიზემა – J43;  ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობები J44; ბრონქოექტაზური დაავადება J47; ფილტვის ავადმყოფობები გამოწვეული გარეგანი ფაქტორებით J60 – J68; ობლიტერაციული ბრონქიოლიტი, ფილტვების ფიბროზი J68.4; ქრონიკული და  სხვა ფილტვისმიერი გამოვლინებები გამოწვეული რადიაციით, რადიაციის შემდგომი ფილტვის ფიბროზი J70.1; ფილტვების ქრონიკული ინტერსტიციური დაზიანებები მედიკამენტოზური J70.3; ალვეოლური და პარიესო-ალვეოლური დაზიანებები (ალვეოლური პროტეინოზი, ალვეოლური მიკროლითიაზი) J84.0; ფიბროთორაქსი J94.1; ფილტვის რევმატოიდული დაავადება J99.0; რესპირაციული დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის სხვა დიფუზური დაზიანებების დროს J99.1;  ფილტვების სარკოიდოზი D86.0; ფილტვების სარკოიდოზი ლიმფური კვანძების სარკოიდოზთან ერთად D86.2; ჰისტიოციტოზი X D76.0;  სუნთქვის უკმარისობა დაუზუსტებელი J96.9);
ბ.დ) თირკმლის ქრონიკული დაავადება III (N18.3),  IV (N18.4),  V (N18.5)  სტადია;
ბ.ე) ონკოლოგიური, მათ შორის, ონკოჰემატოლოგიური დაავადებები (C00-C97), რომლის დროსაც რეკომენდებულია ან ჩატარებულია სპეციფიკური ონკოლოგიური მკურნალობა: ქირურგიული, მედიკამენტური, რადიოთერაპიული ან პალიატიური მკურნალობა;
ბ.ვ) შაქრიანი დიაბეტი – ნებისმიერი ტიპის, რომელიც საჭიროებს მკურნალობას ორალური ან საინიექციო ანტიდიაბეტური მედიკამენტებით, მათ შორის, ინსულინით;
ბ.ზ) ქრონიკული ჰეპატიტი „B“ ან „C“;
ბ.თ) ღვიძლის ციროზი;
ბ.ი) ეპილეფსია.
გ) თუ ოჯახის წევრს შეესაბამება ორი ან მეტი კატეგორია, შემოიხაზება ყველა შესაბამისი კატეგორიის კოდი.

8. დეკლარაციის „B4“ პუნქტის ,,სპეციალური სტატუსი და კატეგორია“ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში სტატუსის/კატეგორიის აღნიშვნა ხდება მხოლოდ შესაბამისი სტატუსის/კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში:
ა) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად (I ან II ჯგუფი) გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი – სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ან სხვა უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი (18 წლამდე ასაკის) – სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ან სხვა უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა;
გ) დედ-მამით ობოლი ბავშვი _ 18 წლამდე ასაკის ბავშვი _ ბავშვის დაბადებისა და მშობლების გარდაცვალების მოწმობები;
დ) „მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები“ – გაითვალისწინება სახელმწიფო პენსიის, სოციალური პაკეტის და სახელმწიფო კომპენსაციის  მიმღები პირები.
ე) მარტოხელა დედა (პირი, რომელსაც არ ჰყოლია მეუღლე ან ქვრივია და ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილ(ებ)ი) – ქორწინებისა და მეუღლის გარდაცვალების მოწმობა (მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში), ბავშვის დაბადების მოწმობ
ა;

8¹. იმ შემთხვევაში, თუ პირს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაუდგინდა 2024 წლის 1 თებერვლის შემდეგ, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადასტურებას ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომელზეც წვდომა ხორციელდება სააგენტოსა და ელექტრონული სისტემის მესაკუთრეს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

9. დეკლარაციის „B4“ პუნქტში სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შემოხაზულ უნდა იქნეს ოჯახის თითოეული წევრის ყველა დადასტურებული სტატუსის/კატეგორიის შესაბამისი კოდი.

10. დეკლარაციის „B5“ პუნქტის ,,ინფორმაცია სრულწლოვანი შვილების შესახებ“ შევსებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია აუხსნას ოჯახს, რომ აქ იგულისხმება ოჯახის წევრის სრულწლოვანი შვილი, რომელიც დამოუკიდებლად, ოჯახის გარეთ ცხოვრობს ცალკე ოჯახად. ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი წევრის ქვეშ უნდა ჩაიწეროს ოჯახისაგან დამოუკიდებლად მცხოვრები შვილების რაოდენობა. ამ კითხვის შევსებისას არ გაითვალისწინება პირ(ებ)ი რომელიც:
ა) იმყოფება სამედიცინო ან სპეციალიზებულ დაწესებულებაში (თავშესაფარში, პანსიონატში და სხვა);
ბ) მოთავსებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
გ) არის ფსიქიკურად დაავადებული;
დ) ბრალდებულია და იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 08.06.2017წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №01-67/ნ - ვებგვერდი, 12.12.2017წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 11 თებერვლის ბრძანება №01-14/ნ- ვებგვერდი, 11.02.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 31 იანვრის ბრძანება №10/ნ - ვებგვერდი, 31.01.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1015445-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-sotsialur-ekonomikuri-mdgomareobis-she/8.md
