---
title: "მუხლი 9³. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების განსაკუთრებული წესი — სოციალური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/9-3"
law: "სოციალური დახმარების შესახებ"
article: "9^3"
identifier: "145"
adopted: "2006-07-28"
consolidated_as_of: "2026-06-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 9³. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების განსაკუთრებული წესი — სოციალური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური დახმარების შესახებ, მუხლი 9³ (consolidated as of 2026-06-05), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/9-3

1. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე (ქალი – 60 წელი, მამაკაცი – 65 წელი) დაუსაქმებელი წევრი (შემდგომში − მოსარგებლე) 2026 წლის 1 იანვრამდე დასაქმდა „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ (შემდგომში − ქვეპროგრამა) ფარგლებში და გაუფორმდა სოციალური ხელშეკრულება ან სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ქვეპროგრამის ამოქმედებიდან (2022 წელი), მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, დასაქმდა ღია შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე ან 2026 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირდა თვითდასაქმებულად სსიპ − შემოსავლების სამსახურში, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად შეუნარჩუნდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და საარსებო შემწეობა, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის:
ა) დაუსაქმებელი − ფიზიკური პირი, რომელსაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაში წინა უწყვეტი ოთხი თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) არ უფიქსირდება პირადი ფულადი ან არაფულადი შემოსავალი და ამავდროულად არ არის რეგისტრირებული თვითდასაქმებული;
ბ) თვითდასაქმებული − ფიზიკური პირი, რომელიც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით არის აქტიური სტატუსის მქონე რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი;
გ) პირადი ფულადი ან არაფულადი შემოსავალი – პირის შემოსავალი, რომელიც აღირიცხება სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობებით სარგებლობის უფლებას მოიპოვებს ის ოჯახი, რომლის წევრ(ებ)ზე შესაბამისი ინფორმაცია სააგენტოსთვის მიწოდებული იქნება სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ან სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები ოჯახებზე ვრცელდება:
ა) საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების შემთხვევაში, სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების დღიდან;
ბ) სსიპ − შემოსავლების  სამსახურის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების თვიდან, იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამის ამოქმედების შემდეგ (2022 წელი), მოსარგებლე:
ბ.ა) დაუსაქმებელი დასაქმდება ღია შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე, რაც გულისხმობს სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული მონაცემების მიხედვით წინა უწყვეტი ოთხი თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) პირადი ფულადი ან არაფულადი შემოსავლის არანაკლებ 175 ლარის ოდენობით დაფიქსირებას;
ბ.ბ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული მონაცემებით დარეგისტრირდება ინდივიდუალურ მეწარმედ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელად ან მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირად და დაუფიქსირდება წლიური ერთობლივი შემოსავალი არანაკლებ 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარისა;
ბ.გ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული მონაცემებით დარეგისტრირდება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირად.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებთან მიმართებით:
ა) სააგენტო უწყვეტად აგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა), საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლის ან სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად დაფიქსირების  შემთხვევისა ან თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, რა დროსაც, კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით; გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში − ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად  დაფიქსირების შემთხვევაში – მონაცემთა ბაზაში განთავსების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან).

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პირობები.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პირობით სარგებლობის უფლება ოჯახს აქვს ერთჯერადად, საშეღავათო პირობების დაწყებიდან მომდევნო ოთხი წლის დასრულებამდე.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების შეწყვეტა, გარდა ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხდება:
ა) საშეღავათო პირობების მოქმედების დადგენილი ვადის გასვლის დღიდან;
ბ) საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში – სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან ინფორმაციის მიღების დღიდან;
გ) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც სარეიტინგო ქულათა ოდენობიდან გამომდინარე ოჯახი ვეღარ მოიპოვებს საარსებო შემწეობით სარგებლობის უფლებას - სარეიტინგო ქულის მინიჭების დღიდან;
დ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების თვის მომდევნო თვიდან, როდესაც მოსარგებლე  აღარ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელად ან მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირად ან, რეგისტრაციის მიუხედავად, წლიური ერთობლივი შემოსავალი ნაკლებია 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარზე, ან აღარ არის რეგისტრირებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირად, ან აღარ არის დასაქმებული ღია შრომის ბაზარზე და წინა უწყვეტი ოთხი თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) არ უფიქსირდება პირადი ფულადი ან არაფულადი შემოსავალი;
ე) როდესაც ოჯახის ის წევრი, რომლის გამოც ოჯახზე გავრცელდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები:
ე.ა) აღარ მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, კომპეტენტური ორგანოს მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების თვის მომდევნო თვიდან;
ე.ბ) გარდაიცვალა − კომპეტენტური ორგანოს მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების თვის მომდევნო თვიდან;
ე.გ) სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებისას − კომპეტენტური ორგანოს მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების თვის მომდევნო თვიდან;
ე.დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლისას − კომპეტენტური ორგანოს მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების თვის მომდევნო თვიდან;
ე.ე) აღარ მიეკუთვნება ოჯახის შემადგენლობას − დადასტურებული ინფორმაციის მიღების თვის მომდევნო თვიდან;
ვ) ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე − განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვიდან.

9. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს წარმოეშობა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის რომელიმე საფუძველი, მაგრამ ოჯახის სხვა წევრს (წევრებს) დამატებით მოპოვებული ჰქონდა (ჰქონდათ) ამ მუხლის პირველი პუნქტით ან „პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის №186 დადგენილების ფარგლებში გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელების უფლება, ოჯახს უგრძელდება საშეღავათო პირობები, ოჯახზე ამ საშეღავათო პირობების პირველადი გავრცელების პერიოდის ვადის ათვლის დაწყების გათვალისწინებით, რაც ერთიანობაში არ უნდა აღემატებოდეს საშეღავათო 4-წლიან პერიოდს. საშეღავათო პირობების 4-წლიანი ვადის ახლიდან ათვლა არ ხორციელდება.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შეფასება შესაძლებელია:
ა) ოჯახის წევრ(ებ)ის დამატების ან გამოკლებული წევრ(ებ)ის (ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები) უკან დაბრუნების შემთხვევაში ან სხვა საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში ოჯახის მომართვის შემთხვევაში;
ბ) ოჯახის რომელიმე წევრის, სხვა ოჯახის პირველადი/განმეორებითი შეფასების განაცხადში ან სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად   დაფიქსირების შემთხვევაში.

11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლები იქნება ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე და ოჯახი კვლავ ისარგებლებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებით, ოჯახს უგრძელდება ამ მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები დარჩენილი ვადით, სხვა შემთხვევაში, ოჯახის მიმართ წყდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 ივნისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 01.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის დადგენილება №80 – ვებგვერდი, 21.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 12.01.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 22.02.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №486 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №618 – ვებგვერდი, 30.12.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 5 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/9-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/10276-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/10.md
