---
title: "მუხლი 151. იურიდიულ პირში წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების შეტანა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/151"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "151"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 151. იურიდიულ პირში წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების შეტანა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 151 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/151

1. პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გაცვლის შედეგად მიღებული პარტნიორის წილის ღირებულება ტოლია გადაცემული აქტივების ღირებულებისა, გადაცემული (შესაბამისი) დავალიანების გამოკლებით.

4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთდროულად გაიცემა ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივი.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული, ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივის გადაცემის შემთხვევაში მათი მიმღებისათვის აქტივების ღირებულებად ითვლება გადაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი.

6. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება უფლებრივი ნაკლის მქონე აქტივების გადამცემზე, თუ დავალიანება აღემატება გადაცემული აქტივების ღირებულებას.

7. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იურიდიულ პირს მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების სანაცვლოდ აქტივებს გადასცემს ფიზიკური პირი. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/150.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/152.md
