---
title: "მუხლი 176. დღგ-ის ჩათვლით სარგებლობის წესი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/176"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "176"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 176. დღგ-ის ჩათვლით სარგებლობის წესი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 176 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/176

1. დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია: ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია; დ) ამ კოდექსის 161 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის (მათ შორის, დღგ-ის თანხის) ოდენობა; ე) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას − დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებული საფუძვლით. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/175.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/177.md
