---
title: "მუხლი 181¹. დღგ-ის თანხის დაბრუნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირისთვის — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/181-1"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "181^1"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 181¹. დღგ-ის თანხის დაბრუნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირისთვის — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 181¹ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/181-1

1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრ პირს უფლება აქვს დაიბრუნოს საქართველოში საქონლის (გარდა უძრავი ნივთისა)/მომსახურების შეძენისას ან საქონლის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) პირს საქართველოში არ აქვს ფიქსირებული დაწესებულება ან მისი საქმიანობის ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ არის; ბ) პირის მიერ საქართველოში შეძენილი საქონელი/მომსახურება ან იმპორტირებული საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოიყენება; გ) მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, ამ კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილი იქნებოდა, ჩაეთვალა გადახდილი დღგ.

2. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირი ვალდებულია დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, დანიშნოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც ამ მუხლით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების ფარგლებში ეკისრება გადასახადის გადამხდელისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების წესსა და პირობებს, აგრეთვე კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს უფლებამოსილი წარმომადგენელი, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. კარი VII აქციზი თავი XXVII აქციზი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/181.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/182.md
