---
title: "მუხლი 181. დღგ-ის თანხის დაბრუნება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/181"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "181"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 181. დღგ-ის თანხის დაბრუნება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 181 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/181

1. დასაბეგრ პირს წარმოეშობა დღგ-ის თანხის დაბრუნების უფლება, თუ საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა დღგ-ის დასარიცხ თანხას აღემატება.

2. გრანტის მიმღებ პირს, რომელმაც გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა საქონელი ან/და მომსახურება, უფლება აქვს ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება, თუ გრანტის მიმღებმა პირმა შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.

4. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ის თანხის დაბრუნება ხორციელდება ამ კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას უფლება აქვს, დაიბრუნოს ამ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის თანხის დაბრუნება ხორციელდება: ა) საქონლის უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილი სპეციალური ქვითრის საფუძველზე; ბ) თუ საქართველოს ტერიტორიიდან საქონლის გატანა ხდება მისი შეძენიდან 3 თვის განმავლობაში და შეძენილი საქონლის ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე).

7. დღგ-ის თანხის დაბრუნების წესს, კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონლის უფლებამოსილი გამყიდველი, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხას, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/180.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/181-1.md
