---
title: "მუხლი 25. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/25"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "25"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 25 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/25

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომ − თიზ-ის საწარმო) არის „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო.

2. თიზ-ის საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

3. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

4. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდებისას დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება ამ საქონლის საბაზრო ფასი.

5. თიზ-ის საწარმოს ეკრძალება: ა) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების შეძენა, გარდა: ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა; ა.ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა; ა.გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა ; ბ) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების გაწევა.

6. თიზ-ის საწარმოს მიერ საგადასახადო ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

7. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის (გარდა საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა) გასაწევი მომსახურების სახეები, რომელიც გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ჩაითვლება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ ნებადართულ საქმიანობად. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 10 აპრილის კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/24-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/26.md
