---
title: "მუხლი 56. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციისას — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/56"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "56"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციისას — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 56 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/56

1. რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი უფლებამონაცვლე ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის შერწყმისას თითოეულის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება შერწყმის შედეგად წარმოქმნილი საწარმო/ორგანიზაცია.

3. ერთი საწარმოს/ორგანიზაციის მეორე საწარმოსთან/ ორგანიზაციასთან მიერთებისას მიერთებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება საწარმო/ორგანიზაცია, რომელსაც მიუერთდა ეს საწარმო/ორგანიზაცია.

4. საწარმოს/ორგანიზაციის რამდენიმე საწარმოდ/ორგანიზაციად გაყოფისას თავდაპირველი საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლეებად ითვლებიან გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები/ორგანიზაციები.

5. რამდენიმე უფლებამონაცვლის არსებობისას რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულებაში თითოეული მათგანის წილი განისაზღვრება გამყოფი ბალანსით ან სხვა გადამცემი აქტით. ახლად წარმოქმნილ საწარმოებს/ორგანიზაციებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების ან მისი შესაბამისი ნაწილის შესრულებისათვის.

6. საწარმოს/ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლისას მისი საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება ასეთი რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი საწარმო/ორგანიზაცია.

7. საწარმოს/ორგანიზაციის შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის გამოყოფისას გამოყოფილ საწარმოზე (საწარმოებზე)/ორგანიზაციაზე (ორგანიზაციებზე) ვრცელდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები.

8. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციამდე ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ჩათვლის ამ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლის რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნებს უფლებამონაცვლეს/უფლებამონაცვლეებს (თითოეული მათგანის წილის შესაბამისად) ამ კოდექსით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/57.md
