---
title: "მუხლი 95⁵. ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის პირობები — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/95-5"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "95^5"
identifier: "3591"
adopted: "2010-09-17"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 95⁵. ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის პირობები — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 95⁵ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/95-5

1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.

3. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

4. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს ფიქსირებული გადასახადის მიხედვით.

5. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას დოკუმენტში მიუთითოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის შესახებ და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი.

6. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მისთვის ან მის მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში შეინახოს აღნიშნული დოკუმენტი.

7. ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/95-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1043717-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/95-6.md
