---
title: "მუხლი 33. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები — სახელმწიფო ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/33"
law: "სახელმწიფო ქონების შესახებ"
article: "33"
identifier: "3512"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები — სახელმწიფო ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/33

1. სახელმწიფო ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე.

2. სახელმწიფო ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, მუნიციპალიტეტს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს იმ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა ორგანომ, მუნიციპალიტეტმა, ფიზიკურმა პირმა, საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ეს ქონება.

4. აკრძალულია სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ქონებაზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში გადაცემულ სახელმწიფო ქონებაზე. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2274 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6896 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/34.md
