---
title: "მუხლი 39. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე — სახელმწიფო ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/39"
law: "სახელმწიფო ქონების შესახებ"
article: "39"
identifier: "3512"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე — სახელმწიფო ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/39

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს.

2. ქონების მმართველი სახელმწიფო ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო საზოგადოებებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

3. იმ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო, გარდა ამ მუხლის 3​ 1 და 3 2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში, აგრეთვე სახელმწიფოს 50%-იანი ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.

3¹. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ საწარმოში ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მის წევრთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.

3². სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციების შემსრულებელ საწარმოში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა. ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მის წევრთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა საჯარო მოსამსახურე არ უნდა იყოს.

4. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წილების/აქციების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესყიდვის/გამოსყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს მართავს სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტი არ განსაზღვრავს/არ შეიმუშავებს ენერგეტიკულ პოლიტიკას, მათ შორის, არ შეიმუშავებს/არ ადგენს შესაბამის მარეგულირებელ ნორმებს. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №894 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №115 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1116 – ვებგვერდი, 27.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/40.md
