---
title: "მუხლი 48¹. სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიება და სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება/სახელშეკრულებო ვალდებულებების გადავადება — სახელმწიფო ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/48-1"
law: "სახელმწიფო ქონების შესახებ"
article: "48^1"
identifier: "3512"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48¹. სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიება და სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება/სახელშეკრულებო ვალდებულებების გადავადება — სახელმწიფო ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების შესახებ, მუხლი 48¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/48-1

1. სახელმწიფო ქონების უზუფრუქტის უფლებით მიმღებ პირს ეპატიოს შესაბამისი ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის ქონების მმართველისათვის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს ეპატიოს სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებით ნაკისრი სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2014 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო და გათავისუფლდეს იმავე თარიღამდე წარმოშობილი გადაუხდელი სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან ასეთი პატიების/გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე შესაბამისი განცხადების ქონების სააგენტოსათვის 2018 წლის 1 მარტამდე წარდგენის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული განცხადების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის 100 ლარზე ნაკლებ ფასად შემძენი გათავისუფლდეს სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან და ეპატიოს სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.

5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათავისუფლდეს სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, ეპატიოს სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/ დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო და საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდეს 2017 წლის 1 იანვრამდე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენი გათავისუფლდეს 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან და ეპატიოს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. საქართველოს 2016 წლის 18 მარტის კანონი №4910 - ვებგვერდი, 28.03.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/49.md
