---
title: "მუხლი 18. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულები — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/18"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "18"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულები — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/18

1. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება განხორციელდება ისეთი დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით ისჯება სულ მცირე ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით. მსჯავრდებულის შემთხვევაში ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს სულ მცირე ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეეხება რამდენიმე დანაშაულს, რომლებიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით და რომელთაგან ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი გამოიყენება აგრეთვე პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/19.md
