---
title: "მუხლი 29. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/29"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "29"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/29

1. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო.

2. ექსტრადიცია არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც, პირის არასრულწლოვანებიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან ან პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ქმედების ბუნების და ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს ინტერესების მხედველობაში მიღებით ითვლება, რომ ექსტრადიცია აშკარად არ შეესაბამება ადამიანური მოპყრობის ძირითად სტანდარტებს.

3. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან.

4. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი შეიძლება გასამართლებულ იქნეს ან პირს შეიძლება მიესაჯოს სასჯელი სპეციალური სასამართლოს ან ტრიბუნალის მიერ.

4¹. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ძირითად ინტერესებს.

5. ექსტრადიცია არ განხორციელდება აგრეთვე საქართველოსა და შესაბამის უცხო სახელმწიფოს შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში.
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/30.md
