---
title: "მუხლი 51. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/51"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "51"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/51

1. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უფლებამოსილი რაიონული (საქალაქო) სასამართლო მსჯავრდებულს უფარდებს საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი სახის დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს.

2. უფლებამოსილი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეფარდებული სასჯელის სახე ან ზომა შესაძლოა განსხვავდებოდეს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის სახისაგან ან ზომისაგან.

3. თუ უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის ზომა მსგავსი სახის დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის ზომაზე ნაკლებია, უფლებამოსილი რაიონული (საქალაქო) სასამართლო მსჯავრდებულის მიმართ იყენებს სასჯელის იმ ზომას, რომელიც გათვალისწინებულია შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობით.

4. ამ მუხლით განსაზღვრული სასჯელის შეფარდებისას შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს არა აქვს უფლება, დაამძიმოს მსჯავრდებულის მდგომარეობა იმაზე მეტად, ვიდრე ეს გათვალისწინებულია უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით.

5. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული სასჯელის საერთო ვადაში ჩაითვლება დროის ის პერიოდი, როდესაც პირი იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში ან სასჯელს იხდიდა საქართველოში აღსასრულებლად გადმოგზავნილი განაჩენის საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/52.md
