---
title: "მუხლი 56⁹. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესი — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/56-9"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "56^9"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56⁹. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესი — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 56⁹ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/56-9

1. ამ კანონის 56 1 მუხლით გათვალისწინებული ქონების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის დროებით შესანახად გადაცემის შემდეგ საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) თაობაზე მოლაპარაკება აწარმოოს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან, რომლის შუამდგომლობის საფუძველზედაც მოხდა მისი ჩამორთმევა.

2. ჩამორთმეული ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილება (გაყოფა) არ მოხდება, თუ ეს სახელმწიფო უარს აცხადებს ამ ქონებაზე ან/და აღნიშნული ქონების საერთო ღირებულება 40 000 ლარს არ აღემატება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით ჩამორთმეული ქონება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა.

4. თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, ჩამორთმეული ქონების ნახევარი შეიძლება გადაეცეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს, ხოლო ქონების დარჩენილი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა.

5. თუ ჩამორთმეული ქონება ფულადი თანხა არ არის, ამ ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) უზრუნველსაყოფად შესაძლებელია აღნიშნული ქონების გასხვისება.

6. ჩამორთმეული ქონების უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) დროს მხედველობაში მიიღება ამ ქონების მესაკუთრეთა და იმ პირთა ინტერესები, რომელთაც დანაშაულის შედეგად ზიანი მიადგათ.

7. ჩამორთმეული ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ქონების ღირებულებას უნდა გამოაკლდეს ის ხარჯი, რომელიც საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა აღნიშნული ქონების მოძიებისთვის, ჩამორთმევისა და შენახვისთვის გასწიეს.

8. საქართველოს პროკურატურა შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან აფორმებს ინდივიდუალურ შეთანხმებას ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) თაობაზე.

9. საქართველოს პროკურატურა და შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შესაძლებელია შეთანხმდნენ ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებულ პირობებზე.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
თავი VII. დასკვნითი დებულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/56-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/57.md
