---
title: "მუხლი 12. უძრავი ქონების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით — \"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/12"
law: "\"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
article: "12"
identifier: "matsne 1134545"
adopted: "2010-12-10"
consolidated_as_of: "2021-03-02"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. უძრავი ქონების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით — "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

> Text consolidated as of 2021-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ", მუხლი 12 (consolidated as of 2021-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/12

1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე  საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს).

2. უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა, საპრივატიზებო საფასურის და შესაბამისი პირობების დადგენა ხორციელდება მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.

3. უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება, თუ:
ა) არსებობს ინვესტიციის განხორციელების პირობათა სიმრავლე;
ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია.

4. უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვით.

5. როგორც წესი, დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს სამინისტრო და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე.

6. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით სამინისტრო, უძრავი ქონების პრივატიზების პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო-სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს ერთ თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარად უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.

7. სამინისტრო, ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს მთავრობის თავმჯდომარე.

8. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებამდე უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს დაინტერესებული პირისაგან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან შესაბამის დეპოზიტზე განათავსებინოს თანხა უძრავი ქონების ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით. უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებში საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ამ პუნქტში აღნიშნული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ან შესაბამის დეპოზიტზე თანხის განთავსება ხორციელდება უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) უზრუნველსაყოფად. თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება უძრავი ქონების ღირებულებას, აღნიშნული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განსათავსებელი თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5%-ს. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ქონების საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) შემდეგ საბანკო გარანტიის/ბეს წარდგენის ვადა, ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-9 მუხლით.

9. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესი არ გამოიყენება იმ უძრავი ქონების მიმართ, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს.

11. მთავრობის თავმჯდომარე, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 16 მაისის კანონი №5 8 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 24.05.2013წ.
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის კანონი №54 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/12-1.md
