---
title: "მუხლი 8. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი — \"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/8"
law: "\"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
article: "8"
identifier: "matsne 1134545"
adopted: "2010-12-10"
consolidated_as_of: "2021-03-02"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი — "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

> Text consolidated as of 2021-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ", მუხლი 8 (consolidated as of 2021-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/8

1. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური (გარდა სასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის შესაბამისად. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება აგრეთვე ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები.

2. მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტრო უფლებამოსილია ქონების პირობ(ებ)ით აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა განსაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლებ ფასად.

3. შეძენილ უძრავ ქონებაზე ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან განვადებით.

4. აუქციონში გამარჯვებულმა უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.

5. უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადაში.

6. (ამოღებულია - 24.12.2013, № 96-უ.ს.რ.ს.).

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი შეესაბამება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს  საკრებულოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს.

8. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობით. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია დაადგინოს განსხვავებული საპრივატიზებო საფასური. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის კანონი №54 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/7-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/9.md
