---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/2"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "2"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 2 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო (შემდგომში – საქპატენტი);
ბ) საერთაშორისო ბიურო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორ­გა­­­­ნიზაციის საერთაშორისო ბიურო;
გ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონ­­ვენცია (გადასინჯულია სტოკ­ჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);
დ) საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება – 1970 წლის 19 ივნისს ხელმო­წერილი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება (შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს, ცვლი­ლე­ბე­ბი შეტანილია 1984 წლის 3 თებერვალს);
ე) (ამოღებულია);
ე 1 ) გამომგონებელი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის შედეგადაც შეიქმნა გამოგონება ან სასარგებლო მოდელი;
ვ) პატენტი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს. პატენტი მოიცავს საპატენტო სიგელსა და პატენტის აღწერილობას (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები (არსებობის შემთხვევაში), რეფერატი);
ვ 1 ) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად სასარგებლო მოდელის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს;
ზ) (ამოღებულია);
თ) განმცხადებელი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც პატენტს ან მოწმობას ითხოვს;
თ 1 ) პატენტრწმუნებული − „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი;
ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის ან მოწმობის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტების ერთობლიობა;
კ) საერთაშორისო განაცხადი – საპატენტო კოოპერაციის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოთხოვნით გაფორმებული და შეტანილი განაცხადი;
ლ) (ამოღებულია);
მ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით;
ნ) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში;
ო) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში;
პ) (ამოღებულია);
პ 1 ) ბუდაპეშტის ხელშეკრულება – „საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ ბუდაპეშტის ხელშეკრულება“ (ხელმოწერილია 1977 წლის 28 აპრილს, შესწორებულია 1980 წლის 26 სექტემბერს);
პ 2 ) ბიოლოგიური მასალა − მასალა, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას და რომელსაც აქვს თვითრეპროდუქციის უნარი ან რომლის რეპროდუცირებაც შესაძლებელია ბიოლოგიურ სისტემაში;
ჟ) დეპოზიტარიუმი – ბუდაპეშტის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული საერთაშორისო სადეპოზიტო დაწესებულება, სადაც ინახება ბიოლოგიური მასალა;
რ) ფარმაცევტული პროდუქტი – ამ კანონის მიზნებისათვის, ნებისმიერი პატენტუნარიანი პროდუქტი ან პატენტუნარიანი ხერხებით დამზადებული პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ან ცხოველის დაავადების მკურნალობისათვის ან პრევენციისათვის და რომელიც აგრეთვე შეიძლება დაენიშნოს ადამიანს ან ცხოველს სამედიცინო დიაგნოსტირებისათვის, ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენისათვის, კორექციისათვის ან მოდიფიცირებისათვის. ფარმაცევტულ პროდუქტად მიიჩნევა აგრეთვე ზემოაღნიშნული პროდუქტის დასამზადებლად განკუთვნილი აქტიური ინგრედიენტი და ამ პროდუქტის გამოსაყენებლად საჭირო დიაგნოსტიკური საშუალება;
ს) მცენარეთა დაცვის საშუალებები – ამ კანონის მიზნებისათვის, ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის;
ტ) დაცვის დამატებითი მოწმობა – საქპატენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც აგრძელებს პატენტის მოქმედების ვადას იმ ფარმაცევტულ პროდუქტზე ან/და მცენარეთა დაცვის საშუალებებზე, რომლის/რომელთა საქართველოს ბაზარზე დასაშვებად საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია;
უ) უფლებამოსილი ორგანო – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მცენარეთა დაცვის საშუალებების საქართველოს ბაზარზე დასაშვებად რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე ორგანო ან ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლებამოსილების მქონე ორგანო;
ფ) ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი, რომელსაც გამოსცემს საქპატენტი.
ქ) ევროპული საპატენტო განაცხადი – ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC) შესაბამისად შეტანილი ევროპული საპატენტო განაცხადი, აგრეთვე საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადი, რომლის მიმართაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) არის „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც მითითებულია საქართველო;
ღ) ვალიდირებული ევროპული პატენტი – ევროპულ საპატენტო განაცხადზე ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტი, რომლის საფუძველზედაც საქართველოში მოთხოვნილ იქნა ევროპული პატენტის ვალიდაცია;
ყ) ევროპული პატენტის ვალიდაცია – მოთხოვნის საფუძველზე ევროპული საპატენტო განაცხადისა და ევროპული პატენტის მოქმედების აღიარება საქართველოს ტერი­ტორიაზე;
შ) ვალიდაციის შეთანხმება – შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ (ვალიდაციის შეთანხმება) (ხელმო­წერილია 2019 წლის 31 ოქტომბერს);
ჩ) ეროვნული საპატენტო განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად საქპატენტში შეტანილი გამოგონების განაცხადი;
ც) ეროვნული პატენტი – ამ კანონის შესაბამისად საქპატენტის მიერ ეროვნული საპატენტო განაცხადის საფუძველზე გაცემული გამოგონების პატენტი;
[ ძ) საპატენტო ინფორმაცია − განაცხადთან, პატენტთან ან ტექნიკის დონესთან დაკავშირებული ინფორმაცია;
წ) პატენტანალოგი − კონკრეტულ განაცხადთან ან პატენტთან საერთო პრიორიტეტის მქონე სხვა განაცხადი ან პატენტი. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 თებერვლიდან)]
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1918 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4167 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 27 ოქტომბრის კანონი №1895 – ვებგვერდი, 30.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/3.md
