---
title: "მუხლი 18¹. წინასწარი ძიება — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/18-1"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "18^1"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18¹. წინასწარი ძიება — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 18¹ (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/18-1

1. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, მიმართოს საქპატენტს წინასწარი ძიების მომსახურების მიღების მიზნით, რათა დადგინდეს, არის თუ არა კონკრეტული სიმბოლოს ან სიმბოლოთა ერთობლიობის იდენტური სასაქონლო ნიშანი დაცული საქართველოში (საქპატენტში რეგისტრაციის ან საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გავრცელების გზით) ან/და არის თუ არა საქპატენტში წარდგენილი განაცხადი იმავე სიმბოლოს ან სიმბოლოთა ერთობლიობის იდენტური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან/და საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მისთვის საქართველოში დაცვის მინიჭების მოთხოვნის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქპატენტი ახორციელებს წინასწარ ძიებას და მის შედეგს დაინტერესებულ პირს აცნობებს.

3. წინასწარი ძიების განხორციელებისთვის დადგენილი საფასური გადაიხდება შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა განუხილველი დარჩება.

4. წინასწარი ძიების განხორციელების წესი დგინდება ინსტრუქციით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2026 წლის 27 ოქტომბრის კანონი №1896/1 – ვებგვერდი, 30.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/19.md
