---
title: "მუხლი 61. დავა — საქართველოს შრომის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1155567-sakartvelos-shromis-kodeksi/61"
law: "საქართველოს შრომის კოდექსი"
article: "61"
identifier: "4113-რს"
adopted: "2010-12-17"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. დავა — საქართველოს შრომის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 61 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1155567-sakartvelos-shromis-kodeksi/61

1. დავა არის შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში.

2. დავა წარმოიშობა მხარის მიერ მეორე მხარისთვის უთანხმოების შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

3. დავის წარმოშობის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა; ბ) ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების, კოლექტიური ხელშეკრულების ან შრომის პირობების დარღვევა; გ) დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებთან ან/და კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული უთანხმოება. ეს უთანხმოება უნდა გადაწყდეს ამ კანონის 62-ე ან 63-ე მუხლით გათვალისწინებული შემათანხმებელი პროცედურების დაცვით.

4. დავის განხილვა არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.

5. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს ამ კანონის 62-ე მუხლით გათვალისწინებული შემათანხმებელი პროცედურების დაცვით ან/და სასამართლოსთვის ან არბიტრაჟისთვის მიმართვით.

6. კოლექტიური შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს ამ კანონის 63-ე მუხლით გათვალისწინებული შემათანხმებელი პროცედურების დაცვით ან/და სასამართლოსთვის ან არბიტრაჟისთვის მიმართვით.

7. კოლექტიური ხელშეკრულების მონაწილე დასაქმებულს უფლება აქვს, შესაბამისი დავის შემთხვევაში შეუზღუდავად, ინდივიდუალურად დაიცვას თავისი უფლებები სხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1155567-sakartvelos-shromis-kodeksi/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1155567-sakartvelos-shromis-kodeksi/62.md
