---
title: "მუხლი 80. კოლექტიური შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დარღვევები — საქართველოს შრომის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1155567-sakartvelos-shromis-kodeksi/80"
law: "საქართველოს შრომის კოდექსი"
article: "80"
identifier: "4113-რს"
adopted: "2010-12-17"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 80. კოლექტიური შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დარღვევები — საქართველოს შრომის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 80 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1155567-sakartvelos-shromis-kodeksi/80

1. დამსაქმებლის ან დასაქმებულთა გაერთიანების მიერ: ა) შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის მიუღებლობა; ბ) კოლექტიურ შრომით დავაზე მიღწეული შეთანხმების, მათ შორის, მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების, შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ამ კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის გათვალისწინებით, შესაბამისი ჯარიმის ოდენობით. შენიშვნა: დასაქმებულთა გაერთიანების დაჯარიმებისას ჯარიმა განისაზღვრება დასაქმებულთა გაერთიანებასთან კოლექტიურ შრომით ურთიერთობაში მყოფი დამსაქმებლის შემოსავლების შესაბამისად, ამ კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.

2. დამსაქმებლის მიერ: ა) დასაქმებულთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული დასაქმებულთა შეკრების (შეხვედრის) ჩასატარებლად შესაფერისი ადგილის გამოყოფაზე უარის თქმა ან მისი ჩატარებისთვის ხელის შეშლა; ბ) ამ კანონის XV თავით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გამართვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდებაზე ან კონსულტაციაში მონაწილეობაზე უარის თქმა, − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ამ კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის გათვალისწინებით, შესაბამისი ჯარიმის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1155567-sakartvelos-shromis-kodeksi/79.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1155567-sakartvelos-shromis-kodeksi/81.md
