---
title: "მუხლი 12 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/12"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/12

1. მცენარის ჯიშს აქვს სიახლე, თუ განაცხადის შეტანის დღისათვის ამ ჯიშის გასამრავლებელი მასალა სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით არ გასხვისებულა გამოყენებისათვის ან/და სხვა გზით არ გადასცემია მესამე პირს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, სელექციონერის უფლების მინიჭება აგრეთვე შესაძლებელია მცენარის იმ ჯიშისათვის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის აღარ არის ახალი, იმ პირობით, რომ განაცხადი „საქპატენტში“ შეტანილია ამ კანონის ამოქმედების დღიდან ერთი წლის განმავლობაში და დაკმაყოფილებულია ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი პირობა: ა) მცენარის ჯიში შეტანილი იყო ვაჭრობისათვის დაშვებულ მცენარეთა ეროვნულ კატალოგში; ბ) კავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში მცენარის ჯიში დაცული იყო სელექციონერის უფლებით, ან კავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში წარდგენილი იყო განაცხადი და ამ განაცხადის წარდგენას მოჰყვა სელექციონერის უფლების მინიჭება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული სელექციონერის უფლების მოქმედების ვადა აითვლება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ კატალოგში შეტანის დღიდან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სელექციონერის უფლების მინიჭების დღიდან. შესაბამის შემთხვევებში გამოყენებული უნდა იყოს ამ თარიღებიდან ყველაზე ადრეული თარიღი.

4. თუ სელექციონერის უფლება მინიჭებულია ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, სელექციონერი ვალდებულია გასცეს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზია გონივრული პირობებით, რათა მესამე პირმა შეძლოს გააგრძელოს მცენარის ჯიშის გამოყენება, რაც მას კეთილსინდისიერად ჰქონდა დაწყებული სელექციონერის მიერ განაცხადის „საქპატენტში“ შეტანამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/13.md
