---
title: "მუხლი 30 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/30"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/30

1. ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შესახებ. ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის დასახელება, აღწერილობა და სხვა მონაცემები „საქპატენტს“ შეაქვს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში და გასცემს მოწმობას, რომელიც სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტია.

2. ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში შეიტანება: ა) ახალი ჯიშის გვარი და სახეობა; ბ) ახალი ჯიშის დასახელება; გ) ახალი ჯიშის აღწერილობა და ფოტოგამოსახულება; დ) სელექციონერის სახელი და მისამართი; ე) რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.

3. ცხოველის/მცენარის ახალ ჯიშზე გაცემული მოწმობის ფორმას ადგენს „საქპატენტი“.

4. „საქპატენტი“ ოფიციალურ ბიულეტენში აქვეყნებს: ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის გვარსა და სახეობას, ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის დასახელებას, ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობასა და ფოტოგამოსახულებას, სელექციონერის სახელსა და მისამართს, რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს.

5. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, დადგენილი წესით გაეცნოს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/31.md
