---
title: "მუხლი 1 — იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1193802-idzulebiti-auktsionis-chatarebis-pormebis-wesisa-da-protsedurebis-damt/1"
law: "იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ"
article: "1"
identifier: "21"
adopted: "2011-01-31"
consolidated_as_of: "2026-07-03"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 1 — იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-03. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-07-03), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1193802-idzulebiti-auktsionis-chatarebis-pormebis-wesisa-da-protsedurebis-damt/1

1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.

2. აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით;
ბ) ქონების საწყის ფასს;
გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 2^1პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს
ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პროცედურებს;
ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე.
2^1. იმ შემთხვევაში, თუ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლით
გათვალისწინებული წესით აუქციონის შედეგი გაუქმდა ზედიზედ ორჯერ, დადგენილი წესით გამოცხადებულ ხელახალ აუქციონზე საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 50%-ს.

3. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე:
www.eauction.ge
ან/და
www.nbe.gov.ge.

4. აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.

5. აუქციონების შესახებ ეცნობება გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებების მფლობელ პირებს, ხოლო განმეორებითი აუქციონების შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 25.03.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №148 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 02.04.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 19 ივნისის ბრძანება №104 - ვებგვერდი, 19.06.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 29.01.2014 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1193802-idzulebiti-auktsionis-chatarebis-pormebis-wesisa-da-protsedurebis-damt/2.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
