---
title: "მუხლი 18. ბიუჯეტების შესრულება — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/18"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ბიუჯეტების შესრულება — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/18

1. ბიუჯეტის შესრულება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. საქართველოს ბიუჯეტების შესრულების პროცესში დამატებით მიღებული საკუთარი შემოსავალი, შემოსავლის ხარჯზე გადამეტებული თანხა და აგრეთვე ხარჯების ეკონომია, ამოღებას არ ექვემდებარება და რჩება შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი ორგანოების განკარგულებაში.

3. წლის განმავლობაში შემოსავლისა და ხარჯების დაწესებული დონიდან გადახრის შემთხვევებს (გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულისა),რომელიც მოითხოვს დაფინანსების დამატებითი წყარების გამოძებნას, განიხილავს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ისეთი ნორმატიული საკანონმდებლო აქტების მიღების შემთხვევაში, რომელიც ზრდის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებს ან ამცირებს მათ შემოსავალს, ამ ბიუჯეტებს სათანადო სახსრები აუნაზღაურდებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტების ხარჯების შემცირების ან შემოსავლების გაზრდის შემთხვევაში კი შესაბამისი სახსრები გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს.

4. ბიუჯეტების შესრულების პროცესში სახელმწიფო სახაზინო სამსახური, საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი ფილიალებით და სხვა მომსახურე ბანკები ბიუჯეტების შემოსავლისა და ხარჯების საკასო შესრულებას აღრიცხავენ და ანგარიშგებას ადგენენ საბიუჯეტო კლასიფიკაციის ფუნქციონალურ და ეკონომიკურ ჭრილში.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი ორგანოები შესაბამისი ტერიტორიის ბიუჯეტების შესრულებაზე ანგარიშგებას წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს კონტროლის პალატას. ანგარიშგების წარდგენის წესს, ვადასა და ფორმას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/19.md
