---
title: "მუხლი 4. საბიუჯეტო პროცესი — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/4"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საბიუჯეტო პროცესი — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/4

1. საბიუჯეტო პროცესი არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონით რეგლამენტირებული საქმიანობა ბიუჯეტების შედგენის, განხილვის,მიღებისა და შესრულებისათვის. საბიუჯეტო პროცესის შემადგენელი ნაწილია საბიუჯეტო რეგულირება, რაც წარმოადგენს სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის შემოსავლის წყაროების კანონით განსაზღვრულ გადანაწილებას:

2. საბიუჯეტო პროცესი საქართველოში რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს სხვა კანონმდებლობით,აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების და საქართველოს ტერიტორიული ერთეულების უფლებამოსილი ორგანოების აქტებით.

3. ბიუჯეტს ადგენენ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატორული გეგმის პროექტის მაჩვენებლების, ფინანსთა სამინისტროს და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ექსპერტული შეფასებებისა და საერთაშორისო საფინანსო ვალდებულებების მიხედვით განსახორციელებელი ფინანსური პროგრამების გათვალისწინებით.

4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტის პროექტს – ამ რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის პროექტს – შესაბამისი მმართველობის ადგილობრივი ორგანოები. ეკონომიკური და სოციალური განვითარების გრძელვადიანი პროგრამების განხორციელების კვალობაზე საქართველოს პრეზიდენტის დავალებით შესაძლებელია შემუშავდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომელიც მოიცავს ერთ წელზე მეტ პერიოდს.

5. საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", რომლის ფარგლებში მტკიცდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი, განისაზღვრება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის გადასაცემი მიზნობრივი ტრანსფერტები და მტკიცდება სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლისა და გასავლის ძირითადი მაჩვენებლები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებს "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნობრივი ტრანსფერტების მოცულობის გათვალისწინებით ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები, ხოლო "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნობრივი ტრანსფერტების მოცულობის გათვალისწინებით ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო.

6. საბიუჯეტო (საფინანსო) წელი საქართველოს ტერიტორიაზე შეესაბამება კალენდარულ წელს (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით). საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1335-სსმI,№6,02.04.2002წ.,მუხ.36

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/5.md
