---
title: "მუხლი 48. აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერება სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/48"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "48"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერება სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/48

1. თანამდებობის პირის აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება, გარდა სამსახურებრივი ზედამხედველობის ან სახელმწიფოებრივი იძულების გამოყენების დროს გამოცემული აქტისა და შესრულებული მოქმედებისა, შეიძლება შეჩერდეს საქართველოს პრეზიდენტის ან ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის მიერ ზედამხედველობის სფეროში მისი კომპეტენციის შესაბამისად აქტის ან მოქმედების მართლზომიერების და მიზანშეწონილობის დამატებითი შემოწმების ან დამატებითი მონაცემების შეკრების მიზნით, მათ შორის, იმ თანამდებობის პირისაგან განმარტების მიღებისას, რომელმაც აქტი გამოსცა ან მოქმედება შეასრულა.

2. აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერებისას ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის, ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ. თანამდებობის პირის აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერება სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით შეიძლება შვიდ დღემდე ვადით.

3. სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერებისას შეჩერდება იმ ვადის მიმდინარეობა, რომელიც კანონით ან სხვა სამართლებრივი აქტით დადგენილია მოქმედების შესრულებისათვის.

4. იმ შემთხვევაში, როცა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების უსაფუძვლო შეჩერებით ზარალი მიადგა სხვა პირს, მიყენებულ ზარალს ანაზღაურებს აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შემჩერებელი პირი კანონით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/49.md
