---
title: "მუხლი 8. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/8"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/8

1. საქართველოს პრეზიდენტის და სამთავრობო დაწესებულებათა გამგებლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, რომელთა ძირითად ამოცანას არ შეადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელება. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები აღმასრულებელ ხელისუფლებას შეიძლება ახორციელებდნენ კანონის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დაწესებულებები ასრულებენ სახელმწიფოებრივ ამოცანებს სოციალურ, კულტურულ ან სხვა სფეროებში, ან ეწევიან სამსახურს სამთავრობო დაწესებულებებისათვის.

3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული წესით სამთავრობო დაწესებულებების მიერ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის და სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სხვა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები შედიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ მმართველობის სფეროში.

5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი ან სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი სპეციალურ რეესტრში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/9.md
