---
title: "მუხლი 17. გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შეტანა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/17"
law: "საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 12514"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შეტანა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/17

1. საქართველოს „წითელი ნუსხაში“ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის შეტანის საფუძველს წარმოადგენს მათი რაოდენობისა და გავრცელების არეალის შემცირება, საარსებო პირობების გაუარესება ან სხვა ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებს, რომ მათი დაცვისა და კვლავწარმოებისათვის აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.

2. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შეტანა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ ხორციელდება მათი მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების გათვალისწინებით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის თაობაზე წინადადებები შეიძლება წარადგინონ მოქალაქემ, სამეცნიერო-კვლევითმა, სასწავლო ან სხვა დაწესებულებამ და ორგანიზაციამ (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა). ამგვარი წინადადება შეიძლება უშუალოდ წარედგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას. ეს კომისია 4 თვის ვადაში შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის მიზანშეწონილობის თაობაზე და აწვდის მას დაინტერესებულ პირს.

4. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის მიერ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის თაობაზე დადებითი დასკვნის გამოტანის შემთხვევაში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეიძლება შეტანილ იქნეს შესაბამისი დამატება ამ კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1657 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/18.md
