---
title: "მუხლი 26¹⁴. ნებართვის მფლობელის ვალდებულებები — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-14"
law: "საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
article: "26^14"
identifier: "matsne 12514"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26¹⁴. ნებართვის მფლობელის ვალდებულებები — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, მუხლი 26¹⁴ (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-14

1. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული მცენარის ნიმუშის ექსპორტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) მცენარის ნიმუშის მოპოვება განახორციელოს მხოლოდ ნებართვაში მითითებული მიწის ნაკვეთიდან; ბ) ნებართვის მიღებისა და მცენარის ნიმუშის მოპოვების შემდეგ ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის გაცემიდან 3 თვის ვადაში წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთიდან ფაქტობრივად მოპოვებული აღნიშნული სახეობის რაოდენობა.

2. კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტის განმახორციელებელი საწარმოების რეესტრში რეგისტრირებული ხიზილალის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია: ა) მწარმოებელი მასალის იმპორტის განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგინოს ექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული და ექსპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ დამოწმებული ექსპორტის ნებართვის დედანი; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე წარუდგინოს დეტალური ანგარიში კონვენციის დანართებში შეტანილ სახეობებთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების (ხიზილალის წარმოება/იმპორტი/ექსპორტი/შიდა ბაზარზე რეალიზაცია; ხიზილალის წარმოების შემდეგ დარჩენილი ხორცის რეალიზაცია) თაობაზე; გ) განახორციელოს მხოლოდ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად მარკირებული ხიზილალის ექსპორტი; დ) საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების განხორციელების შემთხვევაში განხორციელებული ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; ე) მწარმოებელი მასალის მოპოვება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობისა და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-15.md
