---
title: "მუხლი 26⁶. კონვენციის II დანართში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება კომერციული მიზნით ექსპორტისთვის — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-6"
law: "საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
article: "26^6"
identifier: "matsne 12514"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26⁶. კონვენციის II დანართში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება კომერციული მიზნით ექსპორტისთვის — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, მუხლი 26⁶ (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-6

1. ლიცენზია გაიცემა, თუ თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ხდება კომერციული მიზნით ექსპორტისთვის.

2. ლიცენზიის გამცემია სააგენტო.

3. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი იმართება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის გამართვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.

4. აუქციონის გამართვამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამეცნიერო საბჭოს დასკვნის საფუძველზე ადგენს თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვების რაოდენობრივ, თვისებრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებსა და წესებს.

5. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

6. ლიცენზია გაიცემა არაუმეტეს 20 წლის ვადით. ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის თანხმობით გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას მხარეთა (საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო და ლიცენზიის მფლობელი) შეთანხმებით შესაძლებელია სალიცენზიო პირობების (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) შეცვლა ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა.

7. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

8. არასაექსპორტო მიზნით თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ლიცენზირებას არ ექვემდებარება.

9. ექსპორტისთვის თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ლიცენზიას არ საჭიროებს იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორის მიერ წლის განმავლობაში მოპოვებული ნიმუშის საექსპორტო რაოდენობა 50-ს არ აღემატება. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-7.md
