---
title: "მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური — უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/10"
law: "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 12580"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2019-10-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2019-10-30"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური — უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2019-10-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2019-10-30.
> Cite as: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2019-10-30), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/10

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

1¹. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

1². საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, საბჭოებსა და ორგანიზაციებში.

1³. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.

1⁴. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განხორციელებული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

1⁵. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას. ანგარიშგების ფორმა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების, აგრეთვე საბანკო ანგარიშების (სადაც ეს შესაძლებელია) შესახებ.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განსაზღვრავს და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს: ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (ორიგინალები ან ასლები), მათ შორის, კონფიდენციალური, ნებისმიერი გარიგების (ოპერაციის), მათ შორის, საბანკო ანგარიშის, ან გარიგების (ოპერაციის) დადების ან შესრულების მცდელობის და მისი მონაწილე პირების შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ კანონით მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; ბ) საზედამხედველო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისათვის; გ) ამ კანონის შესრულების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; დ) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელ და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში; ე ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით გააგზავნოს შეკითხვები და მიიღოს ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან , აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან , რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო - სამართლებრივ უფლებამოსილებებს ; ვ) მიმართოს სასამართლოს ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშზე) ყადაღის დადების მოთხოვნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (მათ შორის, გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად. ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სამსახურებს.

5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვალდებულია: ა) შექმნას საინფორმაციო ქსელი, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზი, უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა და ფუნქციონირება; ბ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში , რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით , დაუყოვნებლივ , ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე , გადასცეს ეს ინფორმაცია ( მათ შორის , კონფიდენციალური ) და თავის ხელთ არსებული სათანადო მასალები საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან / და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სამსახურებს ; გ) შეისწავლოს ამ კანონის შესრულების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კანონის მიზნის მიღწევას.

6. ნებისმიერი პირი ან ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არსებულ, საქართველოს კანონმდებლობით კონფიდენციალურად აღიარებულ ინფორმაციას მიიღებს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის წარდგენის საფუძველზე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. არავის არა აქვს უფლება, დაავალოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს რაიმე ინფორმაციის მოძიება (მოპოვება).

7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3422 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.222 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3644 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.292 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №483 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.199 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1275 – ვებგვერდი, 02.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2464 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2940 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2965 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3901 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3961 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3821 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/10-1.md
