---
title: "მუხლი 7. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით — უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/7"
law: "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 12580"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2019-10-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით — უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2019-10-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2019-10-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/7

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტები), აგრეთვე კლიენტის ანგარიშის შესახებ დოკუმენტაცია, საქმიანი კორესპონდენცია და ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები (მათ შორის, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით მოწოდებული) მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს, და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დაუყოვნებლივ წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) და გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად მიმღები პირის (მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ. დამოწმებას არ საჭიროებს კლიენტის იდენტიფიკაციისათვის ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარმოდგენილი და მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გადამოწმებული მონაცემები.

3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარიგების (როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გარიგების) შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი.

4. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს შესაბამისი საზედამხედველო ორგანოებისათვის მათი ოპერატიულად წარდგენა, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას გამოყენება მტკიცებულების სახით.

5. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან საეჭვო გარიგებებისა და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის მიზნით შექმნან მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა). საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5952 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.55 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2829 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.103 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2965 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/6-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/8.md
