---
title: "მუხლი 46. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/46"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "46"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/46

1. საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულდება მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი ორგანო ამ მოთხოვნის შესრულებაზე დათანხმდება.

2. უფლებამოსილი ორგანო, თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაზე უფლებამოსილ შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით, გადაწყვეტილებას იღებს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესახებ თავისუფლების აღკვეთის საქართველოში აღსრულების თაობაზე. უფლებამოსილი ორგანო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს.

3. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით, უფლებამოსილი ორგანო აწვდის მას ნებისმიერ ინფორმაციას საერთაშორისო სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო სასამართლოს შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოაგზავნოს თავისი წარმომადგენელი საქართველოში, რათა მან შეამოწმოს სასჯელის აღსრულების პირობები, შეხვდეს და ესაუბროს მსჯავრდებულს. საერთაშორისო სასამართლოს და მსჯავრდებულის ურთიერთობა ატარებს კონფიდენციალურ ხასიათს.

4. თუ მსჯავრდებულმა დააყენა შუამდგომლობა სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლების, შეწყალების, გასაჩივრების, ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სისხლის სამართლის საქმის წარმოების აღძვრის შესახებ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ასეთი შუამდგომლობები ყველა სხვა აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, დაუყოვნებლივ წარედგინება საერთაშორისო სასამართლოს. მხოლოდ საერთაშორისო სასამართლოა უფლებამოსილი შეამციროს მსჯავრდებული პირის პატიმრობის ვადები ან სხვაგვარად შეუმსუბუქოს მას სასჯელის მოხდა.

5. სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/47.md
