---
title: "მუხლი 5. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები — საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/5"
law: "საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 13396"
adopted: "2004-02-13"
consolidated_as_of: "2024-03-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები — საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2024-03-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2024-03-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/5

1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადაა არაუმეტეს 60 თვისა ან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ბოლო ვადიდან არაუმეტეს 24 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არაუმეტეს 24 თვისა.

2. რესტრუქტურიზაციის პერიოდში რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების გრაფიკით დარჩენილ გადასახდელ თანხაზე დასარიცხი სარგებლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია; ამასთანავე, სარგებლის წლიური ოდენობაა არანაკლებ 6%-ისა.

3. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დროს გადასახდელი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას განსაზღვრავს კომისია.

4. რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანება იფარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხით მოსარგებლე საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების თანახმად გაფორმებული გრაფიკის შესაბამისად.

5. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებიდან, პირველ რიგში, იფარება ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის სახით არსებული ნაშთი, ხოლო შემდეგ − სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული საურავი.

6. განსაკუთრებულ შემთხვევაში სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულისა – შესაბამის პერიოდამდე დარიცხულ სარგებლის თანხასთან ერთად) რესტრუქტურიზაციის ვადაა არაუმეტეს 180 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არაუმეტეს 60 თვისა.

7. ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად სესხით მოსარგებლე საწარმო, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა, წარადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის ღირებულება უნდა აღემატებოდეს რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების და მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობას.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/6.md
