---
title: "მუხლი 21. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი — სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/21"
law: "სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "21"
identifier: "matsne 1355417"
adopted: "2001-10-15"
consolidated_as_of: "2002-05-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი — სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2002-05-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 21 (consolidated as of 2002-05-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/21

1. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი შემუშავებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-3 და მე-6 მუხლების საფუძველზე.

2. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა წარმოადგენს განსაკუთრებული სახის შესყიდვას, რომლის ობიექტია ინტელექტუალური და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება, მომსახურება განათლების სფეროში, მომსახურება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მომსახურება რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სფეროში, მმართველობითი მომსახურება, მომსახურება არქიტექტურის, საინჟინრო გამოკვლევისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური დარგების სფეროში, მეცნიერული კვლევები და ექსპერიმენტები, საპროექტო სამუშაოები, სასწავლო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო დაკვეთის განთავსება და საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული საქმიანობის სახეები, რომლებიც მიეკუთვნება ინტელექტუალურ მომსახურებას.

3. საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპზე სატენდერო კომისია განიხილავს და აფასებს საკვალიფიკაციო მონაცემებს. სატენდერო კომისიაში შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემები და პირველადი სატენდერო წინადადებები საექსპერტო დასკვნისათვის წარედგინება შესასყიდი მომსახურების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს საექსპერტო კომისიას, რომლის დასკვნაც წარმოადგენს სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შერჩევის საფუძველს.

4. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა ტარდება ორეტაპიანი ტენდერის საშუალებით გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ფორსმაჟორული სიტუაცია და აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება. გადაწყვეტილების მიღებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია საკითხს უთანხმებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

5. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში ორეტაპიანი ტენდერის განხორციელების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-20 მუხლით.
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2005 წლის 17 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.218

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1355417-sakhelmwipo-shesqidvebis-gankhortsielebis-wesis-shesakheb-debulebis-da/22.md
