---
title: "მუხლი 16. ლიცენზიის გაუქმება — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/16"
law: "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 13714"
adopted: "2002-05-14"
consolidated_as_of: "2005-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ლიცენზიის გაუქმება — სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

> Text consolidated as of 2005-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2005-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/16

1. ლიცენზიის გაუქმება ნიშნავს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას.

2. ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა წარმოადგენს: ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა; ბ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან ქმედუუნაროდ ცნობა; გ) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი; დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

3. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ლიცენზიის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ლიცენზიის გაუქმების ან მისი გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

5. სალიცენზიო მოწმობა ლიცენზიის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13714-samewarmeo-sakmianobis-litsenziisa-da-nebartvis-gatsemis-sapudzvlebis-/17.md
