---
title: "მუხლი 2. მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა — ეკონომიკური თავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1405264-ekonomikuri-tavisuplebis-shesakheb/2"
law: "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ"
article: "2"
identifier: "4979-რს"
adopted: "2011-07-01"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა — ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1405264-ekonomikuri-tavisuplebis-shesakheb/2

1. ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის , მოსახლეობის კეთილდღეობის , მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დგინდება მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები : ა ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 3 პროცენტისა ; ბ ) საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 60 პროცენტისა .

2. ამ კანონის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის ვალი მოიცავს : ა ) „ სახელმწიფო ვალის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ვალს , გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალდებულებებისა ; ბ ) საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებულ ვალს , გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან აღებული ვალისა .

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით დადგენილი ზღვარი ითვალისწინებს აგრეთვე „ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმების შესაბამისი პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულებას .

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის შემუშავება , სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება იმგვარად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი , რომ სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ მოცულობებს , როგორც გეგმური , ისე შესრულების მაჩვენებლების შემთხვევაში .

5. საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის წარდგენისას და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგებისას წარადგენს ინფორმაციას ფისკალური პარამეტრების ამ კანონით დადგენილ ზღვრებთან შესაბამისობის თაობაზე .

6. საბიუჯეტო წლის დასრულების შემდეგ ანგარიშგებისას საქართველოს მთავრობა ამ მუხლით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევაში ( გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ) საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ინფორმაციას : ა ) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული მოცულობების დარღვევის მიზეზების თაობაზე ; ბ ) მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე და , შესაბამისად , მისი სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის პარამეტრებზე გავლენის შესახებ , მათი ამ კანონით დადგენილ ზღვრულ მოცულობებთან შესაბამისობის მიმართულებით .

7. სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის ამ მუხლით დადგენილი ზღვრული მოცულობების მიღმა დაგეგმვა ან / და დაგეგმილი პარამეტრების შესრულება შესაძლებელია : ა ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების და აღნიშნული მდგომარეობის შედეგად დამდგარი ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში ; ბ ) ეკონომიკური ზრდის შენელების / რეცესიის შემთხვევაში − თუ , საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით , ზედიზედ ბოლო 2 კვარტალის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალებთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით დაბალია , ვიდრე გასული 10 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი .

8. ამ მუხლის მე -6 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმას . პარამეტრებში დაბრუნების გეგმის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს . საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №4019 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1405264-ekonomikuri-tavisuplebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1405264-ekonomikuri-tavisuplebis-shesakheb/2-1.md
