---
title: "მუხლი 11. ატესტაცია — სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/11"
law: "სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ"
article: "11"
identifier: "582"
adopted: "2011-07-21"
consolidated_as_of: "2026-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 11. ატესტაცია — სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-07-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/11

1. მოსამსახურის ატესტაცია არის მოსამსახურის პროფესიული უნარებისა და ჩვევების, კვალიფიკაციის (განათლება და გამოცდილება), გაწეული პროფესიული საქმიანობისა და ფსიქოლოგიური/ინტელექტუალური შესაძლებლობების თანამდებობრივ და/ან წოდებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ყოველი თანამდებობისთვის/წოდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2. ატესტაციას მოსამსახურე შეიძლება დაექვემდებაროს:
ა) 3 კალენდარულ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი) ან ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი პერიოდულობით (საატესტაციო პერიოდი), მიუხედავად იმისა,  თუ რა პერიოდია გასული მოსამსახურის სამსახურში ბოლო დანიშვნიდან/გაწვევიდან;
ბ) სამსახურებრივი დაწინაურებისას.

3. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) უმაღლესი ოფიცრის წოდების მქონე მოსამსახურე;
გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე.

4. ატესტაციის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს მინისტრი ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე. მოსამსახურე, რომელიც ატესტაციის ჩატარების დროს იმყოფება შვებულებაში (მათ შორის სამკურნალო შვებულებაში), დროებით შრომისუუნარობის ფურცელზე ან მივლინებაში, ატესტაციას ექვემდებარება სამსახურში გამოსვლის დღიდან არანაკლებ 2 კვირის შემდეგ.

5. მოსამსახურეთა ატესტაციას ახორციელებს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია (კომისიები). შესაძლებელია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით განისაზღვროს საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.

6. საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები ანაზღაურებისა და ხმის უფლების გარეშე, მათი თანხმობით.

7. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს:
ა)  ტესტირების, წერითი დავალების ან/და გასაუბრების ფორმით;
ბ)  ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით.

8. ატესტაციის ჩატარების წესს, მეთოდს და თემატიკას, მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკისა და/ან წოდების გათვალისწინებით განსაზღვრავს საატესტაციო კომისია. ატესტაციის თემატიკა ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას ან პირადად გაეცნოს ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს.

9. დაკავებულ თანამდებობასთან და/ან მინიჭებულ წოდებასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ამოწმებს მოსამსახურის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებით, აგრეთვე უფლებამოსილია მოისმინოს მოსამსახურის ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

10. საპატიო მიზეზის გარეშე, ატესტაციაზე გამოუცხადებლობის ან ატესტაციის გაუვლელობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, მოსამსახურე ექვემდებარება ამ მუხლის მე-15 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.

11. საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომაზე თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება თავმჯდომარის მოადგილე.

12. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.

13. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

14. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

15. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას;
გ) მოსამსახურე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას.

16. კომისია ვალდებულია თითოეული მოსამსახურის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მათ ხელს აწერენ დამსწრე კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

17. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. ატესტაციის შედეგები წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას. საატესტაციო ფურცლის ნიმუშს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

18. მოსამსახურე ეცნობა საატესტაციო ფურცელს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, საატესტაციო ფურცელს სამსახურის მიერ უკეთდება შესაბამისი მინაწერი. მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მას გადაეცემა საატესტაციო ფურცლის ასლი.

19. ამ მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტებში მოცემული სხდომის ოქმი და საატესტაციო ფურცელი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მათი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ მათ საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გასაჩივრებასთან ერთად.

20. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მოახსენებს მინისტრს. საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში, მინისტრს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება:
ა) ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის დაწინაურების შესახებ;
ბ) ამ მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ; ან
ბ.ბ) წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ან/და მოსამსახურის თანამდებობრივი დაქვეითების შესახებ; ან
ბ.გ) კადრების განკარგულებაში გაყვანის შესახებ.

21. ამ მუხლის მე-20 პუნქტის:
ა) „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები გამოიყენება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით ატესტაციის ჩატარების შემთხვევაში;
ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი გამოიყენება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით  განსაზღვრული ფორმით ატესტაციის ჩატარების შემთხვევაში
.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 12.02.2014 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 23.05.2014 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/12.md
